კრიმინალი

პრემიერი: დაკავებული პოლიციელი პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში გუშინდელი შემთხვევის დროს გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. 
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რაც ქუთაისში გუშინ მოხდა, ძალიან ცუდი ფაქტია. 

"ძალიან ვწუხვარ, ეს ძალიან ცუდი შემთხვევაა. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, რომელიც ასე ძალიან დაზარალდა. გუშინ მყისიერი რეაგირება მოახდინეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ. როგორც იცით, პოლიციელი დაკავებულია და კანონის შესაბამისად აგებს პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, გუშინ, ქუთაისში დევნის ოპერაციის დროს, პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა. ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში ქურდობის ფაქტზე მხილებულ მირზა ბ-ს მისდევდნენ.

"აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. პოლიციელს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ქუთაისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული პოლიციელი უკვე დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები