კრიმინალი

პოლიციელი, რომელმაც მოქალაქეს ესროლა და მოკლა, დააკავეს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ქუთაისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული პოლიციელი დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ქუთაისში, პოლიციასა და მ.ბუჩუაძეს შორის მომხდარ შემთხვევაზე, რასაც მოჰყვა მ.ბუჩუაძის გარდაცვალება, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სსკ-ს 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც   ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ამ ეტაპზე საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია შემთხვევაში მონაწილე პოლიციელი. ასევე, მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. კერძოდ, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მ.ბუჩუაძის სიკვდილის მიზეზის გასასაზღვრად და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, უფრო დაწვრილებით ინფორმაციას პროკურატურა უახლოეს დღეებში გაავრცელებს" - აცხადებს უწყება.

ცნობისთვის, ქუთაისში დევნის ოპერაციის დროს, პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა. ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში ქურდობის ფაქტზე მხილებულ მირზა ბ-ს მისდევდნენ.

"აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. პოლიციელს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები