დავოსის ეკონომიკური ფორუმი

პრეზიდენტი: მივესალმები თუ დავოსში საქართველოს დელეგაციას პრემიერი წარუძღვება

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დავოსში, მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ხელისუფლების ის წარმომადგენლები უნდა გაემგზავრონ, რომლებიც ეკონომიკაზე მუშაობენ. მისი თქმით, მიესალმება, თუ დელეგაციის ხელმძღვანელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, თავად წავა თუ არა დავოსში.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დავოსში ქართული დელეგაცია იყოს წარმოდგენილი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც სულ ახლახანს მივიღე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ იყოს ეკონომიკის მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ის მნიშვნელოვანი ფიგურები, ვინც ამ მიმართულებებით მუშაობენ. თუ პრემიერი იქნება ის ადამიანი, ვინც ამ დელეგაციას წარუძღვება, მე მხოლოდ მივესალმები ამას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად მიპატიჟება 29 სექტემბერს, თურქეთში ვიზიტისას მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მეორე დღეს განაცხადა, რომ ასეთი მიპატიჟება პრემიერის სახელზე რამდენიმე თვით ადრე, მაისში მივიდა. მისივე თქმით, დავოსში ირაკლი ღარიბაშვილის გამგზავრება გადაწყვეტილი საკითხია. 

კომენტარები