კრიზისი უკრაინაში

დონეცკში წითელი ჯვრის თანამშრომელი დაიღუპა

Reuters

უკრაინაში, დონეცკის ცენტრის დაბომბვის შედეგად წითელი ჯვრის თანამშრომელი დაიღუპა. ჭურვი, რომელმაც შვეიცარიის მოქალაქე იმსხვერპლა, უშუალოდ წითელი ჯვრის ოფისთან დაეცა. უკრაინის საგარეო უწყებამ წითელი ჯვრის თანამშრომლის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და პასუხისმგებლობა მომხდარზე პრორუს ტერორისტებს დააკისრა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სამთავრობო ძალებმა დონეცკის აეროპორტზე ორი შეტევა მოიგერიეს. რუსულმა მედიამ გუშინ აეროპორტის აღების შესახებ ცნობა გაავრცელა. თუმცა მოგვიანებით ეს თავად ტერორისტებმა უარყვეს და განაცხადეს, რომ აეროპორტის ტერიტორიის მხოლოდ ნაწილს აკონტროლებენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, ტერორისტები იერიშებს დებალცევოს რაიონსა და ფრონტის ხაზის სხვა მონაკვეთებზე ახორციელებენ. 

ევროკავშირი მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოიღოს, თუ სეპარატისტები დონეცკის აეროპორტსა და ქალაქ მარიუპოლზე კონტროლს დაამყარებენ. ცნობას ამის შესახებ ბლუმბერგი ავრცელებს. ამავე დროს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით შეშფოთება გამოთქვა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა კი განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მინსკის შეთანხმებას ბოლომდე შეასრულებს, ვაშინგტონი მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი გააუქმოს. მისი თქმით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს უკრაინიდან სამხედრო ძალები და მძიმე ტექნიკა, აღადგინოს უკრაინის სუვერენიტეტი მსოფლიოში აღიარებულ საზღვრებში და ტყვეები გაათავისუფლოს. 

კომენტარები