კრიზისი უკრაინაში

პრორუსმა ტერორისტებმა დონეცკის აეროპორტის შტურმი განაახლეს

პრორუსი სეპარატისტი დონეცკში
REUTERS

პრორუსმა ტერორისტებმა დილიდან დონეცკის აეროპორტის შტურმი განაახლეს. გუშინ მათ სტრატეგიული ობიექტის აღება 4-ჯერ სცადეს. როგორც ტერორისტებმა რუსულ მედიას განუცხადეს, აეროპორტის საბოლოოდ დაკავებას ისინი დღეს გეგმავენ. ზოგიერთი უკრაინული წყაროს ცნობით, სეპარატისტებმა ორი ტერმინალი დაიკავეს. თუმცა, უკრაინული სარდლობა ამას უარყოფს და აცხადებს, რომ ყველა შეტევა მოგერიებულია. 

გუშინვე ქალაქის დაბომბვის შედეგად დონეცკში 9 ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა საცხოვრებელი უბნები და სკოლა, სადაც სწავლის დაწყების დღესთან დაკავშირებით მოსწავლეები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ. სეპარატისტები პასუხისმგებლობას იერიშზე უკრაინულ ძალებს აკისრებენ. თუმცა კიევი პროვოკაციაში ტერორისტებს ადანაშაულებს.

"რუსეთი ვალდებულია სეპარატისტებზე გავლენა მოახდინოს", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინასთან საზღვარი უნდა გააკონტროლოს და ამაში დიდი როლი ეუთო-ს ეკისრება.

განცხადება უკრაინის კრიზისის შესახებ NATO-ს ახალმა გენერალურმა მდივანმა თავის პირველ საჯარო გამოსვლაში გააკეთა. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა საკუთარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს.

"რუსეთის ქმედებებში ცვლილებების მკაფიო ნიშნები უნდა დავინახოთ, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვას და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას გვიჩვენებს. ვერ ვხედავ წინააღმდეგობას NATO-ს გაძლიერებასა და რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის აგებას შორის. პირიქით, მხოლოდ ძლიერი NATO შეძლებს ურთიერთობის დამყარებას ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინტერესებში. NATO-ს არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია, მაგრამ ჩვენ არ წავალთ ისეთ კომპრომისზე, რომელიც შეეხება პრინციპებს, რაზეც ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა დგას", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები