ვატიკანი-საქართველო

პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა პაპი ფრანცისკე საქართველოში მოიწვიეს

საქართველოს წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი, მთავარეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი სტუმრობს. ვატიკანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ქვეყანას პირველად ეწვია. მონსინიორ მამბერტიმ შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან გამართა. პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა მთავარეპისკოპოსთან შეხვედრისას პაპი ფრანცისკე საქართველოში მოიწვიეს და სტუმარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადეს.

ქვეყნის მეთაურებთან შეხვედრამდე მთავარეპისკოპოსი ქართველ კოლეგას შეხვდა და ფანჯიკიძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა კოლეგამ ვატიკანელ მაღალიერარქს მადლობა გადაუხადა იმ ქველმოქმედებისთვის, რასაც წმინდა საყდარი საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისთვის ეწევა. მონსინიორ მამბერტიმ საქართველოს ევროკავშირთან კავშირების გაღრმავება მიულოცა.
სინქრონები: მთავარეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი, ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი

"ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ განამტკიცა ევროკავშირთან კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები. გულწრფელად ვულოცავ თქვენს ქვეყანას ამ მიღწევებს და ამავდროულად მსურს გამოხატო ჩემი თავდაჯერებულობა, რომ ქართველი ერი გააგრძელებს საკუთარი სპეციფიკური კულტურული და სულიერი წვლილის შეტანას ევროპის კონტინენტსა და ტრანსნაციონალურ ინსტიტუციებში.

არ არის საიდუმლო, რომ კათოლიკე ეკლესია საქართველოში, საკმაოდ მცირე სფეროს მოიცავს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ საქართველოს საზოგადოების განვითარებაში. ეჭვი არ მეპარება, რომ მთელი კათოლიკე საზოგადოება, რომელიც საქართველოშია, იღვწის იმისთვის, რომ საზოგადოების განვითარებაში გარკვეული წვლილი შეიტანოს. ჩვენ ვიღვწით როგორც სულიერ, ასევე საგანმანათლებლო სფეროში", - განაცხადა მამბერტიმ.

პრესკონფერენციის შემდეგ მონსინიორ მამბერტიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, კვირას, 14 სექტემბერს, ვატიკანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში მიიღო. საპატრიარქოს ტელევიზიის, ერთსულოვნების ცნობით, შეხვედრაზე ეკლესიათშორისი დიალოგის აუცილებლობას გაესვა ხაზი. ილია მეორემ რომის კათოლიკე ეკლესიასა და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. კათალიკოსმა პაპ იოანე-პავლე მეორის სიტყვებიც გაიხსენა, რომელიც წმინდანად შერაცხულმა პაპმა 1999 წელს, საქართველოში ვიზიტისას წარმოთქვა.

კომენტარები