სამომხმარებლო ბაზარი

რთველი 2014: ყურძნის გაზრდილი ფასი და შემცირებული მოთხოვნა

2014 წლის რთველის მონაცემებით, ჯერჯერობით 32 ათასი ტონა ყურძენია დაკრეფილი, სავარაუდო მოსავალი კი 100 ათას ტონას შეადგენს. 2013 წელს საქართველოში 92 ათასი ტონა ყურძნის მოსავალი იყო. 2014 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა თუ რამდენი უნდა ყოფილიყო სხვადასხვა ყურძნის ჩაბარების მინიმალური ფასი, რასაც კომპანიები გლეხებს გადაუხდიდნენ, თუმცა კონტრაქტი ცალმხრივი არაა. ღვინის ეროვნულ სააგენტოს შემუშავებული აქვს სპეციალური კონტრაქტის ფორმა, რომლითაც ის კერძო ბიზნესსაწარმოებს სუბსიდიის სახით თითოეულ კილოგრამ ჩაბარებულ ყურძენზე გარკვეული რაოდენობის ფულს აძლევს. თუკი ფირმა სააგენტოს დადგენილ ფასზე ნაკლებს გადაიხდის, მაშინ ის სუბსიდიას ვერ მიიღებს.

რთველის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ყველა ჯიშის ყურძენზე და განსაკუთრებით საფერავის ჯიშზე განსაკუთრებით მაღალი ფასი - კილოგრამზე 2.5 ლარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 50%-ით მეტია 2013 წლის ფასზე. რის გამოც განსაკუთრებით იმატა საფერავის ჯიშის ჩაბარების მსურველების რაოდენობამ.

A woman collects grapes at a vineyard of Winery Khareba, at the village of Sabue
ფოტო: David Mdzinarishvili / REUTERS
ღვინის სააგენტო ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს თუ რამდენი ტონა ყურძენი შედის თითოეული რეგიონის ყოველ ღვინის ქარხანაში. მათი მონაცემებით, წლევანდელ რთველში ყველაზე დატვირთული იყო 5-9 სექტემბრის მონაკვეთი, რა დროსაც დაფიქსირდა ყურძნის ჩაბარების პიკი - დღეში დაახლოებით 35 000 ტონა. ქარხნებთან წარმოიშვა ჩაბარების მომლოდინეთა რიგები, ხოლო თავად ქარხნები მიღებული ყურძნის გადამუშავებას ვერ ასწრებდნენ, ზოგიერთ მათგანში კი უბრალოდ აღარ იყო ცარიელი ავზები საფერავის მისაღებად. სწორედ ამ პიკურ დღეებში დაფიქსირდა ყურძენზე ფასის კლება.

ფასი საფერავის ჯიშის ყურძენზე საშუალოდ 70 თეთრით შემცირდა და დაახლოებით 1.5 შეადგინა. ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ეს კლება არ არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ყურძნის ფასი წელს ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

რადიო კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში თელავის ღვინის მარნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, რომ ყურძენზე გაზრდილმა ფასმა კომპანიას გადააფიქრებინა დაგეგმილი რაოდენობის ყურძნის ჩაბარება. რამაზაშვილის თქმით, ყურძენზე გაზრდილი ფასი ღვინის კომპანიებს პრობლემებს უქმნის, რის გამოც მისი კომპანია ათასი ტონით ნაკლები ყურძნის ჩაბარებას გეგმავს. იმავეს აცხადებენ სხვა კომპანიებიც და თავად ღვინის ფასის ზრდასაც არ გამორიცხავენ.

ყურძნის ფასი

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ფასების რეგულაციაში არ ჩაერევა. ფასს არეგულირებს ბაზარი, ასევე, მათი თქმით, საქართველოს მთავრობა და მთლიანად სახელმწიფო აღარ ჩაერევა უხეშად რთველის პროცესში და აღარ იქნება ბაზარზე ფასის განმსაზღვრელი. თუმცა ამ განცხადების მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო მაინც ადგენს ყურძნის ბაზარზე მოქმედების წესებს. სწორედ სააგენტო არის ის იურიდიული პირი, რომელიც კონტრაქტს დებს უშუალოდ ღვინის საწარმოებთან, აკონტროლებს ყურძნის ხარისხსა და ფასს და სანქციებს უწესებს კომპანიებს კონტრაქტის შეუსრულებლობისთვის.

ღვინის ეროვნული სააგენტო კონტრაქტს დებს 38 ღვინის კომპანიასთან, რომ ისინი დაუზიანებელ ყურძენს (რქაწითელი, კახური მწვანე, საფერავი) არ ჩაიბარებენ ერთ ლარზე ნაკლებ თანხად, რა პირობის ჯეროვნად შესრულების შემდეგ ღვინის ეროვნული სააგენტო „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ პროგრამით გამოყოფილ ყოველ ერთ კილოგრამ ყურძენზე რქაწითლისათვის და კახურ მწვანისათვის 0.35 ლარის, ხოლო საფერავისათვის 0.15 ლარის სახელმწიფო კომპენსაციის სახით გადაუხდის. ამავდროულად, ღვინის ეროვნული სააგენტო მონიტორინგს უწევს ჩაბარებული ყურძნის ხარისხს, რაოდენობას და ამავდროულად, ამოწმებს კონტრაქტით გათვალისწინებულ სხვა პუნქტებს. მათ შორის, სახელმწიფო მონიტორინგს უწევს, რომ კომპანიებმა მათ მიერ მიღებული ყურძნის ჭაჭა მესამე პირებს არ გადასცენ, რასაც კომპანიის წინააღმდეგ სანქციები მოჰყვება.

15 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის კომპანიებმა სულ შეიყიდეს 73 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენი, საიდანაც დაახლობით 25% სახელმწიფო სუბსიდიაა.

ეკონომისიტ გიგლა მიქაუტაძის თქმით, რთველის მიმდინარეობა უფრო მეტად უნდა იყოს დამოკიდებული ბუნებრივ პროცესებზე და მასში არ უნდა ხდებოდეს გარე ჩარევები, რომლებმაც შესაძლოა ღვინის ფასზე უარყოფითი გავლენა იქონიონ - რაც, თავის მხრივ, ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება.

სად გადის ქართული ღვინო?

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქართული ღვინო ჯერჯერობით საშუალო და დაბალ საფასო სეგმენტს იკავებს. მათივე ინფორმაციით, ქართული ღვინის ექსპორტის ტოპ ხუთი ქვეყნიდან ოთხი: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ბელარუსი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, ხოლო მთლიანად ტოპ ათეულში ჩინეთისა და პოლონეთის გამოკლებით ყველა პოსტაბჭოთა ქვეყანაა. 2014 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 65% რუსეთზე მოდის. ქართული ღვინისათვის ემბარგოს დაწესებამდე 2005 წელს ქართული ღვინის 75% რუსეთში გადიოდა.


ფოტო: ალესანდრო გაროფალო / REUTERS
აგვისტოს მდგომარეობით, 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია დაახლოებით 7 მლნ (0,5ლ) ბოთლი ბრენდი, რომლის საშუალო ფასიც ბოთლზე $3.60-ს ანუ 6.20 ლარს შეადგენს. წლის განვლილ 8 თვეში, ბრენდის ექსპორტმა $25 მლნ შეადგინა, რაც 83%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით ექსპორტმა - 3 556 584 ბოთლი შეადგინა, მეორე ადგილს 3 235 656 ბოთლით რუსეთი იკავებს.

მსოფლიოში ღვინოებზე გაზრდილი კონკურენციის გამო ქართული ღვინო ახალ ბაზრებზე პრემიუმ საფასო სეგმენტში ვერ შევა, ამიტომაც ის ჯერჯერობით საშუალო და დაბალ საფასო სეგმენტის პროდუქტად განიხილება, რასაც საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგული კვლევაც ადასტურებს.  

ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია ნედლეულის ანუ ყურძნის ფასი, მისმა მნიშვნელოვანმა ზრდამ, შეიძლება, ქართული ღვინის ფასიც გაზარდოს, რის გამოც სხვადასხვა ბაზარზე მისი რეალიზაცია შესაძლოა გართულდეს.

ქართული ღვინის წილი ქვეყნის ეკონომიკაში

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტს საქართველოს მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 9% უჭირავს. 2013 წელს საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 47 მილიონი ბოთლი (0.75ლ) ღვინო, რაც 2012 წლის მონაცემებს ორჯერ აღემატება, მთლიანმა ექსპორტმა კი $231 მლნ შეადგინა, რაც 2012 წლის მონაცემებს დაახლოებით $70 მილიონით აღემატება. რაც შეეხება 2014 წლის 8 თვის მონაცემებს, ექსპორტზე გასულია 36 მილიონი ბოთლი (0.75ლ) ღვინო. 2014 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტზე გასული ქართული ღვინის ღირებულებამ $100 მილიონი შეადგინა, რაც საშუალოდ ერთ ბოთლზე $3.70-ს ანუ 6.36 ლარს შეადგენს. ღვინით ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლები უმეტესად კახეთის რეგიონის მოსახლეობასა და საწარმოებზე ნაწილდება.

კომენტარები