ერაყის კრიზისი

CIA: ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა რაოდენობა გასამმაგდა

BBC.COM

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვოს სააგენტოს ინფორმაციით, ერაყსა და სირიაში ისლამისტი მებრძოლების რიცხვმა 31 000-ს მიაღწია, რაც მოსალოდნელ რიცხვზე სამჯერ მეტია. ინფორმაცია CIA-ის მაის-აგვისტოს თვეების მონაცემებზე დაყრდნობით გავრცელდა.

CIA-ის სპიკერის, რაიან ტრაპანის თქმით, მებრძოლთა რიცხვის გაზრდა ივნისის თვის შემდეგ გაძლიერებული რეკრუტირების შედეგია, რაც ხალიფატის დეკლარაციას და წარმატებულ საბრძოლო და სადაზვერვო აქტივობებს მოჰყვა.

ოთხშაბათს, 10 სექტემბერს, ბარაკ ობამამ ერაყსა და სირიაში ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია წარადგინა, რომელშიც ერაყსა და სირიაში ისლამისტ სამხედრო დაჯგუფებებზე საჰაერო თავდასხმა, ერაყში დამატებით 475 ამერიკელი სამხედრო პერსონალის გაგზავნა და საერთაშორისო კოალიციის შექმნა განიხილება.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ბოლო თვეების განმავლობაში ერაყში რამდენიმე შეტევა განახორციელეს და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული და ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავეს. ერაყსა და სირიაში ისლამისტებმა ხალიფატი გამოაცხადეს და სასტიკად უსწორდებიან როგორც მოწინააღმდეგეებს, ასევე ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს. 10-მა არაბულმა სახელმწიფომ აშშ-თან ერთად ექსტრემისტების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებში მონაწილეობის მზადყოფნა უკვე გამოთქვა.

კომენტარები