ერაყის კრიზისი

ობამა ISIS-ს: ჩვენ არ შევშინდებით!

პრეზიდენტმა ობამამ ამერიკელი ჟურნალისტის, სტივენ სოტლოფის მკვლელები გააფრთხილა, რომ აშშ-ს ხელი შორს მიუწვდება და ამ სასტიკი მკვლელობისთვის "სამართლიანობა იზეიმებს".

ობამამ ესტონეთის დედაქალაქში 3 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-ს მკაცრი მესიჯები გაუგზავნა. ISIS - ისლამური სახელმწიფო ერაყსა და სირიაში - ჩრდილო ერაყისა და სირიის ნაწილებს აკონტროლებს. მიუხედავად ტონის გამკაცრებისა, ობამას არ უთქვამს რაიმე კონკრეტული გეგმა, აპირებს თუ არა აშშ დაჯგუფებაზე ზეწოლის გაზრდას.

ობამამ ხაზი გაუსვა, რომ დაჯგუფება საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო ერაყისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და შეერთებული შტატებისთვის. სწორედ ამიტომ, ამერიკის მიზანია იმ დაჯგუფების "დეგრადაცია და განადგურება", რომელმაც მოკლა სოტლოფი და მისი თანამემამულე ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფოლი. პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ს შეუძლია ამის მიღწევა, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო იქნება დიდი დრო და ძალისხმევა.

"ჩვენ არ შევშინდებით! მათი საზარელი ქმედებები მხოლოდ გვაერთიანებს, როგორც ქვეყანას და სიმტკიცეს გვმატებს, რათა დავიწყოთ ბრძოლა ამ ტერორისტების წინააღმდეგ", - განაცხადა ობამამ

ამერიკელი ჟურნალისტის, სტივენ სოტლოფის მკვლელობის ვიდეო ტერორისტულმა ორგანიზაცია ISIS-მა სამშაბათს, 2 სექტემბერს გამოაქვეყნა. ეს უკვე მეორე ამერიკელი ჟურნალისტია, რომელსაც ისლამისტმა მებრძოლებმა თავი მოკვეთეს.

კომენტარები