შოტლანდიის დამოუკიდებლობა

დედოფალმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე დისკუსიაში ჩართვაზე უარი თქვა

ელისაბედ მეორე მონაწილეობას არ მიიღებს დებატებში შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის პრესსამსახურმა განაცხადა. სამეფო სახლში აღნიშნავენ, რომ მონარქი საკუთარი პრინციპის ერთგულია და პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. მანამდე მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ ჩარევის შესახებ თხოვნით დედოფალს პრემიერმა დევიდ კამერონმა თავად მიმართა. ელისაბედ მეორეს შოტლანდიის პრემიერი სალმონდიც შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ 18 სექტემბრის რეფერენდუმზე დამოუკიდებლობის მომხრეთა გამარჯვების შემთხვევაში ელისაბედ მეორე შოტლანდიის დედოფლად დარჩება.

ლონდონი ბოლო გამოკითხვებმა შეაშფოთა, რომელთა თანახმად შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეთა რიცხვმა მოწინააღმდეგეთა რაოდენობას გადააჭარბა და 51 პროცენტი შეადგინა. დევიდ კამერონმა შოტლანდიელებს საგანგებოდ მიმართა და ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში დარჩენისკენ მოუწოდა. პრემიერის მოწოდებას ოპოზიციის ლიდერი ედ მილიბენდიც შეუერთდა.

"საბოლოოდ, ეს შოტლანდიელი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ მე მინდა მათ იცოდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის დანარჩენ ნაწილს, ამას როგორც პრემიერმინისტრი ისე ვამბობ, მათი დარჩენა სურს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია - დავარწმუნოთ შოტლანდიელი ხალხი, რომ შეძლებს, ორივე სიკეთით ისარგებლოს - ჰქონდეს მეტი ძალაუფლება, რათა თვითმმართველობა განახორციელოს და, ამავე დროს, დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩეს", - განაცხადა კამერონმა.

კომენტარები