შოტლანდიის დამოუკიდებლობა

სალმონდს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი სურს

შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ და მისმა ლიდერმა ალექს სალმონდმა რეფერენდუმისთვის მომზადების გადაწყვეტილება მიიღეს. მასზე ბრიტანეთიდან გამოყოფისა და შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხი უნდა გაიტანონ. ქალაქ ინვერნესში ჩატარებულ პარტიის დახურულ კონფერენციაზე სალმონდმა (მისივე თქმით) უპრეცედენტო კამპანიის დაწყების შესახებ გამოაცხადა. თუმცა მას რეფერენდუმის ჩატარების სავარაუდო თარიღი არ დაუსახელებია. სხვადასხვა მიმომხილველების ვარაუდით, რეფერენდუმის ჩატარება 2014-2016 წლებშია მოსალოდნელი.

სალმონდს 2011 წლის შოტლანდიის პარლამენტის არჩევნებზე გამარჯვება უმაგრებს ზურგს. მაისში მისმა პარტიამ 129 ადგილიდან 69 მოიპოვა. სოციოლოგიური გამოკითხვებით, ამის შემდეგ შოტლანდიაში დამოუკიდებლობის მსურველთა რიცხვი 35-დან 49 პროცენტამდე გაიზარდა. მიზეზი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგებთან ერთად, შესაძლოა, შოტლანდიაში ლეიბორისტული და კონსერვატიული პარტიების დასუსტებაც იყოს.

სალმონდი დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე 2007 წლის შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც საუბრობდა. რეფერენდუმი, სავარაუდოდ, 2010 წელს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა მაშინ მის პარტიას ადგილობრივ პარლამენტში უმრავლესობა არ ჰქონდა, უპირველეს საზრუნავს კი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიება წარმოადგენდა.

დამოუკიდებლობის მომხრეებს მდიდარი ბუნებრივი რესურსების იმედი აქვთ. თუმცა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის მარაგი თანდათან იწურება, მეორე მხრივ კი, ისინი ლონდონიდან მიღებულ მილიარდიან გრანტებს ივიწყებენ.

სალმონდის ოპონენტები გადაწყვეტილების პოპულისტურობაზე საუბრობენ. მათი აზრით, შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერს დამოუკიდებლობაზე ხაზგასმით პოლიტიკური დივიდენდების მიღება სურს. მეორე მხრივ, ზოგიერთი ექსპერტი მოსახლეობის დამოუკიდებლობის სურვილსაც აყენებს ეჭვქვეშ. სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების მიუხედავად, შესაძლოა, რეფერენდუმზე უმრავლესობამ მაინც გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას დაუჭიროს მხარი. სწორედ ასე მოხდა 1980 და 1995 წლებში, კანადის პროვინცია კვებეკში. ლეიბორისტული პარტიის შოტლანდიური ფრთის ლიდერი იან გრეიც სკეპტიკურადაა განწყობილი. მისი თქმით, ადგილობრივ პარლამენტში უმრავლესობის მქონე სალმონდი რეფერენდუმზე წარმატებაში დარწმუნებული რომ იყოს,  მის ჩატარებას ხვალვე გადაწყვეტდა. 

კომენტარები