კრიზისი უკრაინაში

რუსული ძალები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ისევ არღვევენ

პრორუსი სეპარატისტი დონეცკში
REUTERS

რუსი სამხედროები და პრორუსი სეპარატისტები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ისევ არღვევენ. უკრაინული წყაროების ცნობით, შეთანხმება გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ მცირე 5-ჯერ დაირღვა. გრადისა და არტილერიის გამოყენებით დაიბომბა უკრაინული პოზიციები დონეცკის მახლობლად. შეინიშნება რუსული ჯარებისა და ტექნიკის კონცენტრაცია ლუგანსკის, ასევე ნოვოაზოვსკის მახლობლად.

უკრაინული წყაროების მტკიცებით, უკრაინაში მყოფი სამხედრო დაჯგუფებისთვის საწვავს რუსეთის ტერიტორიიდან ბენზინმზიდებით აწვდიან.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უკვე 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 33 კი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტი გუშინ საღამოს თავის რუს კოლეგას ტელეფონით კიდევ ერთხელ ესაუბრა. პოროშენკომ და პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულება განიხილეს. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

"რუსეთსა და უკრაინას შორის არსებობს შეთანხმება იმის თაობაზე, რომ რუსმა სამხედროებმა და ტექნიკამ უკრაინა უნდა დატოვონ", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმება შესრულდება.

"იმედი მაქვს, რუსული მხარისთვის ნათელია, რომ პრეზიდენტი პოროშენკო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მკაცრ და პრინციპულ პოზიციას იკავებს. ეს ძალიან გაბედული ნაბიჯია და იმედი მაქვს, ამას სიტუაციის დამშვიდება მოჰყვება", - თქვა შტაინმაიერმა.

კომენტარები