კრიმინალის ზრდა

ზურაბ ჯაფარიძის მესამე ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილს კრიმინალთან დაკავშირებით ღია წერილს სწერს. ტაბულა წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"მესამე ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

ამჯერად, კრიმინალთან დაკავშირებით გწერთ და რატომღაც მგონია, რომ თუ ამ ტექსტს წაიკითხავთ, თქვენთვისვე იქნება უკეთესი. აღარ დავიწყებ ახსნას, რატომ გწერთ თქვენ და არა რომელიმე ფორმალურ თანამდებობის პირს.

რამდენიმე ფაქტი მინდა, შეგახსენოთ გასული თითქმის ორი წლიდან, რას ვამბობდით ჩვენ - ოპოზიცია და რას გვპასუხობდით თქვენ, ხან პირადად, ხან კი რომელიმე ნაყიდი მოლაპარაკე თავის საშუალებით. ყველა განცხადების, ბრიფინგის თუ საპარლამენტო გამოსვლის გახსენება გამიჭირდება, მაგრამ ვეცდები, მნიშვნელოვანი არაფერი გამომრჩეს:

1. 2012 წლის ბოლოს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები მოიგეთ, თქვენს მფლობელობაში არსებულმა უმრავლესობამ ერთ-ერთ პირველ ინიციატივად პარლამენტში წარმოადგინა მასშტაბური ამნისტიის კანონპროექტი. თქვენი არგუმენტაცია იყო მარტივი - წინა წლებში ადამიანებს უკანონოდ/უსამართლოდ სვამდნენ ციხეში და უსჯიდნენ არაპროპორციულად ხანგრძლივ პატიმრობის ვადას. ამას დაამატეთ ის, რომ თითქოს ყველა მათგანს საპატიმრო დაწესებულებებში აწამებდნენ ან არაადამიანურად ეპყრობოდნენ, რაც მათი გათავისუფლების მნიშვნელოვან მორალურ არგუმენტად იქცა.

ჩვენ გაგაფრთხილეთ, რომ ასეთი მასშტაბის ამნისტია აუცილებლად გამოიწვევდა კრიმინალის მნიშვნელოვან ზრდას. ზოგადად, ამნისტიის წინააღმდეგი არ ვიყავით, თუმცა გირჩევდით, გადაგეხედათ კონკრეტული საქმეები. პასუხად მივიღეთ, რომ ჩვენ მორალური უფლება არ გვქონდა, ამ თემაზე გვესაუბრა, ხოლო პირადად თქვენ მოსახლეობას მოუწოდეთ, 'გაგებით მოკიდებოდა', თუ რომელიმე ციხიდან გამოსული სადმე ვინმეს დაჭრიდა, გააუპატიურებდა, დააუთოვებდა ან მოკლავდა.

შედეგად, როგორც ფორმალური პრემიერი ამბობს, პენიტენციარული სისტემა დატოვა 17,000-მა ადამიანმა. 2 წელი გავიდა. რამდენმა მათგანმა დაამტკიცა, რომ ის უკანონოდ/უსამართლოდ იჯდა ციხეში? რამდენმა ე.წ. პოლიტპატიმარმა დაამტკიცა, რომ ის პოლიტიკური მოტივით იყო დაკავებული? სად არიან დაკავებული ასობით თუ არა, ათობით მაინც ციხის თანამშრომლები, რომლებიც პატიმრებს აწამებდნენ? საზოგადოება სახელებით და მეტსახელებით იცნობს რამდენიმე ასეთს და ისინი, ყველა თავისუფლებაზე არიან, მეტიც, როგორღაც ახერხებენ და დაცვის მომსახურებით სარგებლობენ.

2. 2012 წლის ბოლოს, როდესაც ცნობილი გახდა მინისტრების მოადგილეების ვინაობა, პირადად მე ჩავატარე ბრიფინგი, რომელზეც მოგიწოდეთ, უარი გეთქვათ შევარდნაძისდროინდელი კადრების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნაზე. მაშინ მე კონკრეტულად შინაგან საქმეთა მინისტრის ახალ მოადგილეებზე მიგითითებდით. ესენი იყვნენ ლაშა ნაცვლიშვილი, გელა ხვედელიძე, ალეკო ტაბატაძე. მიზეზი, რატომაც მოგმართავდით ასეთი რჩევით, იყო მარტივი - შევარდნაძის დროინდელ მაღალ თანამდებობის პირთა აბსოლუტური უმრავლესობა, განსაკუთრებით სამართალდამცველ სტრუქტურებში, იყო კორუმპირებული და იყო მჭიდრო კავშირში კრიმინალურ სამყაროსთან და რუსულ სპეცსამსახურებთან. თქვენი პასუხი იყო, რომ ეს ადამიანები არიან წესიერი მოქალაქეები, მათ დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ოცნების გამარჯვებაში, ხოლო ჩვენ საერთოდ ხმის ამოღების უფლება არ გვაქვს. რა ჩაიდინა ამის შემდეგ გელა ხვედელიძემ? სად არის დღეს ლაშა ნაცვლიშვილი?

3. 2013 წლის დასაწყისში თქვენმა ერთ-ერთმა მინისტრმა იუსტიციის სახლის წინ 'რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის' მემორიალი გახსნა. ჩვენ გაფრთხილებდით, რომ პოლიტიკური ოპონენტების დემონიზაციისთვის ასეთი მეთოდების გამოყენება ცუდ შედეგებს მოიტანდა. შედეგად, ეს 'მემორიალი' იქცა კრიმინალური სამყაროს სახელმწიფოზე გამარჯვების სიმბოლოდ.

4. თითქმის 2 წელია, მუდმივად გიმეორებთ, რომ ციხეების კონტროლი კვლავ, ისე, როგორც ეს იყო შევარდნაძის ეპოქაში, გადავიდა კრიმინალური ავტორიტეტების ხელში. ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს, დაწყებული კონკრეტული პატიმრების მიერ მოყოლილი ისტორიებით, გაგრძელებული ციხეში ავტორიტეტების მიერ უშუალოდ ან მათი ხელდასმით მოკლული პატიმრებით, და დამთავრებული Skype-ით 'მონათლული' ახალი ავტორიტეტებით. თუმცა, ამ რეალობის მთავარი მტკიცებულება ქუჩებში გაზრდილი კრიმინალის შემთხვევებია, რომლის უდიდესი ნაწილი სწორედ ციხეებიდან იმართება. თქვენი პასუხი ჩვენს ამ განცხადებებზე ორგვარია, ხან ამბობთ, რომ მაყურებლები ციხეებში წინა ხელისუფლების დროს იყვნენ და ახლა აღარ არიან, ხან კი ამტკიცებთ, რომ მაყურებლები ციხეების განუყოფელი ნაწილია და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის.

5. 2013 წლის თებერვალში თქვენი ერთ-ერთი მინისტრის ორგანიზებით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან საპროტესტო აქცია მოუწყვეს ოპოზიციას. ამ აქციაზე, მოპროტესტეები ფიზიკურად გაუსწორდნენ არა მხოლოდ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათ შორის, პარლამენტის წევრებსაც, არამედ პოლიციელებსაც, რაც კამერებმაც დააფიქსირა. ჩვენ მოვითხოვეთ ამ ადამიანების დასჯა და განვმარტეთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა პოლიციის დემორალიზაცია. პოლიციამ სასამართლოში არ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რის გამოც, ადამიანები, რომლებმაც პოლიციელებზე იძალადეს, 100-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს. თქვენთვის მაშინ მნიშვნელოვანი იყო საკუთარი ელექტორატის აგრესიული ნაწილისთვის გეჩვენებინათ, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად 'საზიზღარ ნაციონალებს', სხვა ყველაფერი ამ მიზანთან მიმართებით გაუფერულდა.

6. უკანასკნელი 1.5 წლის განმავლობაში არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პოლიცია არის დემორალიზებული, ქუჩებში პატრული ერიდება ისეთ ადგილებს ან ისეთ ადამიანებთან კონტაქტს, სადაც შეიძლება, სერიოზული პრობლემა შეექმნას, მათ შორის, შეექმნას საფრთხე პატრულის ეკიპაჟის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს. თქვენი პასუხი ამ რეალობაზეც არაადეკვატურია - ფორმალური პრემიერი თვეში ერთხელ მანტრასავით იმეორებს, რომ პოლიცია არის 'აბსოლუტურად მოტივირებული და ეფექტური'.

7. სამართალდამცველი სტრუქტურები, ისევე, როგორც, ზოგადად, საჯარო სექტორი, არ შეიძლება, იყოს ნათესავების, მეგობრების, ნათლულების, მეზობლების და თანასოფლელების დასაქმების ადგილი. პოლიციაში მუშაობისთვის ადამიანს სხვა ტიპის, საკმაოდ სპეციფიკური მოტივაცია სჭირდება. ჩვენ, ისევე როგორც არაერთმა მედიასაშუალებამ, რამდენჯერმე მიგითითათ, რომ შსს გაივსო დედოფლისწყაროს მცხოვრებლებით. თქვენი პასუხი ნეპოტიზმის პრობლემაზე 'გაგებით მოკიდებასავით' დარჩება ქართულ ზეპირსიტყვიერებაში - 'ჩვენ ესეთი საზოგადოება ვართ დღეს და არ მეშინია, ვთქვა, რომ ჩემს გუნდშიც ესეთები არიან და მეც ესეთი ვარ'.

8. შეუძლებელია, ერთდროულად კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ შორის, სხვა ქვეყნიდან ექსტრადირებულებს, მაღალი თანამდებობის პირების მეგობრები აეროპორტსა და საბაჟოებზე ხვდებოდნენ ძვირადღირებული ავტომობილებით, იქ საზეიმო სუფრებს უშლიდნენ და თან კრიმინალს ებრძოდე ეფექტურად. მიუხედავად არაერთი მტკიცებულების არსებობისა, როგორც 'რემენას', ისე 'ლავას ოღლის' საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, თქვენი პასუხი ორივე შემთხვევაში იყო ერთი - ეს არის ტყუილი და ნაციონალების მორიგი პროვოკაცია.

9. პოლიციის ეფექტური მუშაობის სურათის დასახატად მოქალაქეების მოსაშარდად მასობრივი გადაყვანა ნარკოლოგიურში, სექს-მუშაკების სატელევიზიო დაკავებები და ტონობით 'ტრუხა' მარიხუანის განადგურება, სიტუაციას ვერ შეცვლის. რამდენჯერმე გირჩიეთ, შეეშვით ამ უდანაშაულო ხალხს და კრიმინალს მიხედეთ-მეთქი, თუმცა უშედეგოდ.

10. ჭიკაიძის დანიშვნა მინისტრად იყო შეცდომა. არ შეიძლება, ქვეყანაში, სადაც ორგანიზებული დანაშაულის ასეთი მასშტაბები იყო, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, სამართალდაცვა ებაროს ადამიანს, რომელსაც რამდენიმე თვე დასჭირდა იმისათვის, რომ დანაწევრებულად შეძლებოდა 'დაველოდოთ გამოძიებას' თქმა. გასაგებია, რომ არ გინდათ პოლიციის უფროსად ისეთი ადამიანი, ვისაც შეიძლება, მომავალში საკუთარი პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდეს, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ჭიკაიძისთვის ბინის ჩუქებით შეგიძლიათ, მხოლოდ პირადი ერთგულება იყიდოთ, მისგან კარგ მენეჯერს ასე ვერ შექმნით. და ეს გადაწყვეტილება ყოველდღიურად აისახება ამ ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. თქვენი პასუხი ჭიკაიძეზე, თქვენივე ყოფილი თანაშემწის პირით გაცხადებული - 'სწრაფად იზრდება'.

11. სტატისტიკის გაყალბებით, კრიმინალთან ბრძოლა ასევე ფუჭია. რამდენიც არ უნდა იძახოს ბ-ნმა იზორიამ, მონაცემთა შეგროვების სისტემა დავხვეწეთ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, კრიმინალი შემცირდაო, არავინ დაიჯერებს. მიზეზი მარტივია - კრიმინალი ჩვენ გარშემო ხდება. 2 წლის წინ ჩვენ გარშემო არავის პარავდნენ ავტომობილის სარკეებს, არავინ აყაჩაღებდა ავტომატით ბანკებსა და ბენზოგასამართ სადგურებს, არავის აუთოვებდნენ. ახლა ეს ყველაფერი ყოველდღიური რეალობაა, რომელსაც არამხოლოდ ტელევიზიის საშუალებით ვიგებთ. ციფრებთან ბრძოლა განწირულია მარცხისთვის, უბრალოდ, ამ ბრძოლას ყოველდღე ვიღაცის სიცოცხლე ეწირება.

ასეთი მიდგომებისა და გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ კრიმინალი, პრაქტიკულად, უკონტროლოა. და ამას ვერც რეიდები უშველის და ვერც ჭიკაიძის გადადგომა. ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო, რომლის პოლიტიკური ნება და შესაბამისი უნარები თქვენს ხელისუფლებას არ აქვს.

ცნობისათვის, საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, პრაქტიკულად, ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით 'დიდ მეზობელთან' (როგორც თქვენ გიყვართ რუსეთის მოხსენიება) და თუ გავითვალისწინებთ, რომ იგივე ჭიკაიძე, იგივე უწყება, იგივე ხალხი კურირებს ქვეყნის უშიშროებას, კრიმინალის მდგომარეობაზე ზედაპირული დაკვირვებითაც კი იოლად შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოს უშიშროება", - წერს ჯაფარიძე.

კომენტარები