კრიმინალის ზრდა

პრემიერი: კრიმინოგენური მდგომარეობა არის აბსოლუტურად სტაბილური

პარასკევს, 5 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში კრიმინოგენურ მდგომარეობაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, ტელევიზიები მიზანმიმართულად და ხელოვნურად ცდილობენ კრიმინალის შესახებ თემების წინ წამოწევას.

"საქართველოში, მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, კრიმინოგენური მდგომარეობა არის აბსოლუტურად სტაბილური და ჩვენი სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი იყოს კონტროლის ქვეშ. შინაგან საქმეთა მინისტრი, მთლიანად სამინისტრო არის აბსოლუტურად მოტივირებული. 24 საათის განმავლობაში მუშაობენ პოლიციელები და მინდა აღვნიშნო, რომ მართლაც ფასდაუდებელია მათი შრომა", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, კრიმინალი არავისთვისაა სასიამოვნო. მან დაზარალებულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, თუმცა დაამატა, რომ კრიმინალი ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება.

"ყველა განვითარებულ და ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება დანაშაული, ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყანაში. მე არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს თავს ვიმართლებთ ან თავს ვიცავთ, მით უმეტეს, ჩვენი ოპონენტების მიერ აწეული უსუსური მცდელობა, რომ წარმოაჩინონ ისე, თითქოს სახელმწიფო ვერ ებრძვის ან არ ებრძვის კრიმინალს ეფექტურად. პირიქით, მე მინდა გითხრათ, რომ ვინაიდან საზოგადოებაში ისინი ცდილობენ მიზანმიმართულად, რომ მიაღწიონ განცდას, თითქოს არის გაუარესებული კრიმინოგენური ვითარება", - აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილი ასევე შეეხო ამნისტიის საკითხს და განაცხადა, რომ ძველი ხელისუფლების დროს პატიმრები გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ, ახალმა ხელისუფლებამ კი მიიღო ამნისტიის ჰუმანური კანონი და ათასობით პატიმარი ციხიდან გაუშვა.

პრემიერმა შსს-ს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძესა და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს სთხოვა იარაღის ტარებასთან დაკავშირებული ყველა მუხლის მაქსიმალურად გამკაცრება.

"ერთი მხრივ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ დაირღვეს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, ჩვენ ვაწარმოებთ უკომპრომისო ბრძოლას კრიმინალის წინააღმდეგ. და სწორედ ამ ბალანსის დაჭერაა ჩვენი მთავარი ამოცანა. მაგრამ ის საქმიანობა, რასაც აწარმოებს ბატონი ჭიკაიძე, აი, სწორედ ეს არის დასაფასებელი. ისინი ცდილობენ, 24 საათის განმავლობაში ებრძოლონ კრიმინალს და, ამავდროულად, არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები. და ამას სჭირდება, მეგობრებო, დაფასება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები