კრიმინალის ზრდა

ენმ: კრიმინალთან ბრძოლისთვის სამინისტროს მმართველების გადადგომა მნიშვნელოვანია

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გაზრდილ კრიმინალთან საბრძოლველად ერთადერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად სამინისტროს ხელმძღვანელების გადადგომა, სისტემაში ძველი პროფესიონალი კადრების დაბრუნება და მათთან ერთად ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება მიაჩნია. პარტიის წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, პრაქტიკულად, კრიმინალმა მთელი საქართველო მოიცვა.

"ყოველდღიურად ჩვენი საზოგადოება მოწმე არის მკვლელობების, ქუჩური გარჩევების, ყაჩაღობის და ქურდობების. პრაქტიკულად, კრიმინალმა მთელი საქართველო მოიცვა. ამ ფონზე ვხედავთ, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობა - მინისტრი, მისი მოადგილეები დაკავებულები არიან იმით, რომ ცდილობენ დანაშაულის სტატისტიკა შეალამაზონ ან პოლიტიკურ ჭრილში, პოლიტიკური ბრალდებების საგნად გამოაცხადონ ეს საკითხი. ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ მივმართავდით შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცველ ორგანოებს, რომ გაზრდილი კრიმინალი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უშიშროებას და უსაფრთხოებას და მნიშვნელოვანი ღონისძიებები უნდა ყოფილიყო გატარებული მასთან საბრძოლველად, მიუხედავად ამისა, ჩვენ პასუხად ვღებულობდით ბრალდებას, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ამ თემის გამოყოფა. დანაშაულის სტატისტიკის გაყალბება ხდებოდა, რამაც სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა 1 წლის თავზე. რეალურად, კრიმინოგენური მდგომარეობა მკვეთრად არის გაუარესებული და, პრაქტიკულად, მთელი საქართველო მოიცვა ამ უარყოფითმა ვითარებამ", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვითარებიდან გამოსავალი კრიმინალთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის განსაზღვრაში მდგომარეობს. თუმცა, გეგმის ამუშავება სამინისტროს ხელმძღვანელობაზე იქნება დამოკიდებული.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ვითარებიდან გამოსავალი არის კრიმინალთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის განსაზღვრა. ამის პოზიტიური გამოცდილება ნაციონალური მოძრაობის წევრებს გააჩნიათ. კრიმინალთან ბრძოლა იყო 9 წლის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანიების ერთ-ერთი წარმატებული საქმიანობა იყო. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ექსპერტებთან ერთად ჩვენი სპეციალისტების მონაწილეობით შესაძლებელია, მკვეთრი გეგმა გაიწეროს კრიმინალთან ბრძოლის, მაგრამ სამოქმედო გეგმის ამუშავება დამოკიდებული იქნება სამინისტროს ხელმძღვანელობაზე. დღევანდელი მინისტრის და მისი მოადგილეების უნიათობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს სამოქმედო გეგმა რეალურად ძალაში შევიდეს და ამოქმედდეს", - თქვა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილი ასევე თვლის, რომ რეიდები, რომლებიც დღეს ხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ რიგით მოქალაქეებს უქმნის უხერხულობას და პრობლემებს. "ყოველივე ამის ფონზე, ერთადერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად კრიმინალთან ბრძოლის საქმეში მიგვაჩნია არსებული სამინისტროს ხელმძღვანელების, მინისტრის და მისი მოადგილეების გადადგომა, სისტემაში ძველი პროფესიონალი კადრების დაბრუნება, მათთან ერთად კრიმინალთან ბრძოლის ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლის განხორციელებაც დაიწყება უახლოეს ეტაპზე", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

კომენტარები