კრიმინალის ზრდა

თამარ გურჩიანი ბათუმში ქალის ცემის დეტალებს იხსენებს

თამარ გურჩიანი
facebook.com/gurchiani

ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ტაბულა თვითმხილველს, უფლებადამცველ თამარ გურჩიანს ესაუბრა. გურჩიანი, ხუთშაბათს, 4 სექტემბრის დილით მომხდარ ამბავს იხსენებს, როცა მამაკაცმა სანაპიროზე ქალს სცემა.

"დავინახე მამაკაცი, რომელიც მოდიოდა პლაჟიდან და იგინებოდა. მერე, ვისაც აგინებდა, იმასთან მივიდა და ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაიწყო. ჯერ ხელებს ურტყამდა, შემდეგ ძირს დააგდო ქალი და ფეხებით შედგა. ეს ქალი რამოდენიმე წამის განმავლობაში უგონოდ ეგდო. მოძალადემ მშვიდად გააგრძელა ბულვარისკენ სვლა. ჩვენ კი, პოლიცია რომ მოვიდა, გავყევით განყოფილებაში და მივეცით ჩვენება. მსხვერპლმაც მისცა. რამოდენიმე წუთში გამოჩნდა თვითონ მოძალადე, რომელიც ელვის სისწრაფით მოიყვანა პოლიციამ. როგორც ვიცი, ისიც დაიკითხა", - განაცხადა გურჩიანმა.

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის მიერ თურქმენეთის მოქალაქე ქალის ცემის შესახებ 4 სექტემბერს გამთენიისას გავრცელდა. ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით აღიძრა.

„გამოძიება დაიწყო ცემის ფაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგო ამ პოლიციელებს უყვებოდა იმის შესახებ, რომ ამ კაცმა პასპორტი წაართვა, მუდმივად ძალადობდა მასზე და ერთხელ ცემაში სიკვდილის პირამდეც მიიყვანა. ყვებოდა იმასაც, რომ იარაღითაც ემუქრებოდა", - ამბობს გურჩიანი.

თვითმხილველი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ თავად დაზარალებულმა ახსენა, რომ დამნაშავის მამა პოლიციელი იყო.

დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მსხვერპლისა და მოწმეების ჩვენების მიუხედავად, მამაკაცს არ აკავებდნენ, რადგან ის პოლიციელის შვილი იყო. მოგვიანებით აღნიშნული შს სამინისტრომ უარყო. თუმცა გურჩიანი არ გამორიცხავს, რომ დამნაშავის მამა შეიძლება იყოს ყოფილი პოლიციელი და იარაღი მასზე იყოს გაფორმებული.

მისივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზა დაუყოვნებლივ არ გაკეთებულა, მოგვიანებით დაზარალებულს მოუყვანეს ექსპერტი.

"საქმე უკვე სწორი მიმართულებით მიდის. თუმცა ამ ქალს არ ჰყავს ადვოკატი. ისეთი გარემოა პოლიციაში, რომ ძალიან მარტივად შეიძლება მისი დათრგუნვა. წარმოიდგინეთ, თურქმენეთის მოქალაქე ქალი, რომელიც საეჭვო საქმიანობას ეწევა ბათუმში. მის მიმართ, რა თქმა უნდა, არ იქნება თანადგომა პოლიციის მხრიდან, რომ ეს ადამიანი ქალია და ის ორმაგი ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყოს. ამ პირობებში ეს ქალი მარტო არის დარჩენილი", - ამბობს გურჩიანი.

 

კომენტარები