კრიმინალის ზრდა

ბესელია: ასჯერ რომ ყოფილიყო შესაძლებლობა, ამნისტიას ასჯერ დავუჭერდი მხარს

საქართველოს პარლამენტში, კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ჰკითხა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას კრიმინალის ზრდაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ ამნისტია ზოგადად ბიძინა ივანიშვილის კრიმინალურ სამყაროსთან კონტრაქტის ნაწილი იყო, რის შედეგადაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც ადამიანი, ვისი ინიციატივითაც ეს ყველაფერი მოხდა, გრძნობთ თუ არა თითოეულ დღეს მოკლულ ახალგაზრდის სიკვდილზე პასუხისმგებლობას? გაწუხებთ თუ არა ეს სიტუაცია? თუ მხოლოდ მაშინ წუხდებით, როცა სხვადასხვა საჩოთირო სიტუაციასთან კავშირში თქვენი ვაჟი სახელდება, რომელიც ამ დროს ყოველთვის მოძღვართან არის. გრძნობთ თუ არა პირად პასუხიმგებლობას ამ ყველაფერზე?" – განაცხადა თარგამაძემ.

თარგამაძის პასუხად ბესელიამ განაცხადა, რომ პროცენტულად მეტია იმ ადამიანთა მიერ ჩადენილი დანაშაული, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიერ საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო 10-თვეში "რეკორდული სისწრაფით" განხორციელებული შეწყალებების აქტით გათავისუფლდნენ. ბესელიამ სტატისტიკა მოიხმო.

"ნამდვილად მეამაყება, რომ ამ პარლამენტმა ეს ამნისტია მიიღო. ასჯერ რომ ყოფილიყო ამის შესაძლებლობა, ერთხელ არ დავფიქრდებოდი, ისე მივცემთ ხმას ამ აქტს, რომლითაც ჩვენ გადავარჩინეთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ვინც იმ წლებში თქვენ გადაგირჩათ. ვერ გადაგირჩინეთ 660 ადამიანი, რომელიც ბოლო წლებში გარდაიცვალა და მაინტერესებს, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას ბატონო გივი იმ ადამინებზე, ვინც ციხეში გარდაიცვალა?!

მათ შორის ათეულობით ნაწამებ ადამიანზე, რომელმაც ვერ გაუძლო იმ მეთოდებს, რითაც პატიმრებს ციხეებში ეპყრობოდნენ. შემიძლია გავიხსენო თეთრაძის საქმე, ქობალიას საქმე, რომელიც სასტიკად იყო ნაწამები. პარლამენტში საჩივარი საჩივარზე შემოდიოდა, იმ პერიოდში შველას ითხოვდა მისი ადვოკატი და არც ერთ ადამიანს არ გასჩენია სურვილი, დაინტერესებულიყო, რა ხდებოდა. სასტიკად იყო ნაწამები ყოლბაია და შემიძლია ეს საკმაოდ დიდი სია გავაგრძელო... არც ერთი ამ ფაქტის გამოძიება არ მომხდარა და მაინტერესებს ამაზე გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას, რომელიმე თქვენგანი?!

ან იმ ამნისტიის შესახებ, რომელიც წინა პარლამენტში იყო მიღებული და რომელზეც ზარ-ზეიმით გვეუბნებოდნენ, რომ იყო ჰუმანური აქტი. ამ ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულ პირთაგან რომ დანაშაული იყო ჩადენილი, რაც ასევე ბუნებრივი და გარდაუვალია, რომელიმე თქვენგანი თუ იღებს პასუხისმგებლობას?! ან პასუხიმგებლობას იღებს თუ არა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პერსონალური აქტით იმ ადამიანებს რომ იწყალებდა, ვინც გასამართლებული იყვნენ უმძიმესი დანაშაულებისთვის, მათ შორის პედოფილიისთვის, ნარკოტოკების გასაღებისა და მკვლელობისთვის", - განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები