მიხეილ სააკაშვილის საქმე

სააკაშვილი: მთავრობას ჩემს დევნას ურჩევნია, NATO-ს სამიტისთვის იზრუნოს

ჩემი საბერძნეთში დაკავების შესახებ ინფორმაცია სასაცილოც არ არის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე შეყოვნების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თავად მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, მის დევნაზე ენერგიის დახარჯვის ნაცვლად, NATO-ს უელსის სამიტის წინ საქართველოს რეპუტაციის ამაღლებაზე იზრუნონ.

"საქართველოს მთავრობას გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე, თურმე სადღაც დამაკავეს. ნუ, რა შეიძლება ამაზე ითქვას? ამდენი ჭორაობა და სიცრუე უკვე სასაცილოც აღარ არის, საქართველოს დღევანდელი მმართველი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოურავი, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ცდილობენ, მომწვდნენ იქამდე, სანამდეც შეუძლიათ და იქ ჩამავლონ ხელი, მაგრამ არ გამოსდით. იმიტომ რომ არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი. რა თქმა უნდა, მათ მოთხოვნებს არავინ სერიოზულად არ იღებს. მაგრამ სჯობს, ენერგია, რასაც აქეთ-იქეთ წერილების გაგზავნასა და რაღაცეების შეთავაზებაში ხარჯავენ, დახარჯონ ქვეყნის შიგნით დანაშაულთან ბრძოლაში, თუნდაც NATO-ს სამიტის წინ საქართველოს რეპუტაციის ამაღლებაზე, სამწუხაროდ, ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი არ გაუშვან ქვეყნიდან, მე კი უკან ჩემს ქვეყანაში არ მიშვებენ. არადა, ფაქტი ჯიუტია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მე შევხვდი უფრო მეტ მსოფლიო ლიდერს, ვიდრე მოქმედი მთავრობა ერთად აღებული. მე აღარ ვარ თანამდებობაზე, მაგრამ მეტი ხალხი მხვდება, ვიდრე საქართველოს მოქმედ პრემიერს და პრეზიდენტს ერთად აღებულს. ესაა ანომალიური სიტუაცია, ვნებს ქვეყანას. უნდა გავიაროთ ეს ეტაპი და დავიწყოთ საქმის კეთება", - განაცხადა სააკაშვილმა. 

სააკაშვილის შესაძლო შეყოვნების შესახებ კომენტარი საქართველოში საბერძნეთის ელჩმაც გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მან ქართული მედიიდან მიიღო, ოფიციალური ათენიდან შეტყობინება კი დღემდე არ მიუღია.

”ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. მე მხოლოდ ქართული მედიის საშუალებით შევიტყვე, რომ ის საპასპორტო კონტროლის დროს შეაყოვნეს. საბერძნეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები ინტენსიურად თანამშრომლობენ. როდესაც გვექნება ოფიციალური ინფორმაცია, მას აუცილებლად გამოვაქვეყნებთ”, - განაცხადა საბერძნეთის ელჩმა საქართველოში ელეფთერიოს პროიოსმა.

ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის საბერძნეთის საზღვარზე შეყოვნების შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გავრცელა. უწყების განცხადებით, ამის შესახებ მათთვის ცნობილი შეტყობინების შესვლის შემდეგ გახდა, რომლის მიხედვითაც  ექსპრეზიდენტი საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა, როდესაც ის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ აიყვანეს.

კომენტარები