ომი უკრაინაში

პეტრიაშვილი უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე: ეს არ იქნება ბოლო გაჩერება

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, "ეს არის რუსეთის მხრიდან წარმოებული ღია აგრესია უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ". მისი თქმით, "ვუცხადებთ სოლიდარობას და მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს, უკრაინის ხელისუფლებას და მზადყოფნას გამოვთქვამთ ყოველმხრივი დახმარების აღმოჩენისთვის". პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ "საქართველოს პრემიერმა ცოტა ხნის წინ მთავრობის სხდომაზე დავალება მისცა ყველა ჩემს კოლეგას, რათა მაქსიმალურად აღმოვუჩინოთ დახმარება უკრაინის ხელისუფლებას". ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობას უკრაინის "მაქსიმალურად დახმარების" დავალება 26 აგვისტოს მისცა. მისი თქმით, "კარგი იქნება, თუ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენთ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს".

ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, "ამ უაღრესად სახიფათო და დრამატულ პროცესებს უკრაინაში გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონზე, არამედ ზოგადად საერთაშორისო უსაფრთხებაზე". მისი თქმით, "აშკარაა და ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ იქნება ბოლო გაჩერება, მე არავინ მინდა დავაშინო, მაგრამ რეალობამ გვაჩვენა, რომ ეს არის გეგმა, რომელიც მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მიმდინარეობს".

ასევე, გუშინ, ალექსი პეტრიაშვილმა მოუწოდა დემოკრატიულ სახელმწიფოებს, "მიიღონ ქმედითი ზომები უკრაინის დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად! გადაუდებლად უნდა მოხდეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა და დაერქვას ყველას და ყველაფერს თავისი სახელი". ამასთან დაკავშირებით, ტაბულა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, აპირებს თუ არა საქართველო უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. უწყებაში განმარტეს, რომ საქართველო უკრაინისთვის მხოლოდ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას განიხილავს.

კომენტარები