ოკუპირებული აფხაზეთი

ხიდაშელი: ხუთი კაცის ლიდერიც რომ იყოს ხაჯიმბა, არ იმსახურებს ტერმინ მარიონეტს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, "ჩვენ მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვინც კონკრეტულ მომენტში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში ლიდერის პოზიციაზე იქნება". ამასთან, ხიდაშელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არ არის ლეგიტიმური და კონსტიტუციური ბევრი მიზეზის გამო.

"თუმცა, ჩვენმა ხელისუფლებამ ხაზგასმით თქვა, ზუსტად ისე, როგორც ყველა ხელისუფლებამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომ მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვინც იმ კონკრეტულ მომენტში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში ლიდერის პოზიციაზე იქნება. ვინაიდან, საუბარს და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამრიგად, ის არ არის ჩვენთვის პრეზიდენტი, არჩევნების შედეგად მოსული ლიდერი, თუმცა იქ დღეს მცხოვრები მოსახლეობის ლეგიტიმური ლიდერია. შესაბამისად, ის არის მხარე, რომელთანაც ნებისმიერ დიალოგში, ჟენევის ფორმატში თუ სხვა საერთაშორისო ფორმატში, ქართული მხარე მზად არის, ისაუბროს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ტაბულას კითხვაზე, რამდენად სწორია საოკუპაციო რეჟიმის მარიონეტ პრეზიდენტთან საუბარი, ხიდაშელმა უპასუხა, რომ "მარიონეტის ძახილი არავის ღირსებას არ სძენს". მისი თქმით, "იმის მიუხედავად, რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ, ის არის მხარე, რომელსაც უნდა ველაპარაკოთ". ხიდაშელის განცხადებით, "სანამ ქართული სახელმწიფო იმ ილუზიის ქვეშ ცხოვრობს, რომ მხოლოდ რუსეთს უნდა ელაპარაკოს და მხოლოდ მოსკოვთან  უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, ამ პრობლემების წინაშე ვიდგებით".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ აფხაზეთის არცერთი ე.წ. ხელისუფლება არცერთხელ მარიონეტად არ მოუხსენებია და არც აპირებს.

"ხუთი კაცის ლიდერიც რომ იყოს, იმ ხუთი კაცის ლიდერია და, შესაბამისად, არ იმსახურებს ასეთ ტერმინებს. მეორე, რაულ ხაჯიმბა იმ არჩევნებში და ისეთ არჩევნებში, როგორიც იქ ჩატარდა, რომელიც არ არის კონსტიტუციური და ლეგიტიმური - არც საერთაშორისო სამართლისთვის და არც არანაირი კონსტიტუციური სამართლისთვის, იმ პირობებში, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელიც იქ არის, გამოდევნილი მოსახლეობის უმრავლესობის და ოკუპაციის გათვალისწინებით, არის არჩეული ლიდერი. ქართულ სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, აირჩიოს, ვის ელაპარაკოს აფხაზურ მხარეს. ქართული სახელმწიფო უნდა ელაპარაკოს იმათ, ვისაც იმ ფორმის და იმ ტიპის ლეგიტიმაცია აქვს, რაც დღეს მიიღო რაულ ხაჯიმბამ", - განაცხადა ხიდაშელმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართა. კენჭისყრაში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. 

კომენტარები