4 მარტის ღამეს ოკუპირებული აფხაზეთიდან გავრცელდა ცნობები დრონების გამოჩენის შესახებ.
ოჩამჩირის რაიონის სოფელ ფოქვეშში ჩამოვარდა უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, ე.წ. კამიკაძე დრონი. ცნობების მიხედვით, დრონის ჩამოვარდნამ ტრანსფორმატორი დააზიანა, რის შედეგადაც ფოქვეშს ელექტრომომარაგება შეუწყდა.
სავარაუდო იერიშის ფონზე, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა რუსეთის საზღვარზე მდებარე ფსოუს გამშვები პუნქტი ჩაკეტა, თუმცა რამდენიმე წუთში მოძრაობა განახლდა.
მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და რადიო-ელექტრონული ბრძოლის მეთოდებით საჰაერო სივრცის დრონების მიერ დარღვევას იგერიებდნენ. მარიონეტულმა უწყებამ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ დრონების ნაწილების აღმოჩენის შემთხვევაში მათ არ მიუახლოვდნენ.
ოკუპირებული ტერიტორიიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დრონები ჯერ კიდევ მზის ჩასვლამდე დაფრინავდნენ.
უკვე 5 მარტის პირველ საათებში გავრცელდა ვიდეო, რომლის გამომქვეყნებელიც ირწმუნებოდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის მიმდებარედ მფრენ დრონებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიდან ცეცხლს უხსნიდნენ. თუმცა, როგორც სხვა ტელეგრამ არხების ცნობებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, ვიდეოს ორივე ნაწილი გადაღებულია არა სოხუმის, არამედ სოჭის რაიონის, ადლერის მიმდებარედ. ამას გარდა, ტელეგრამ არხებზე წერენ, რომ სოფელი ფშაფის თავზე შენიშნეს შავი ზღვის მხრიდან შემომავალი დრონი, რის შემდეგაც აფეთქების ხმა გაისმა. ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო ტელეგრამ არხები უკონტექსტოდ და ლოკაციის დაზუსტების გარეშე ავრცელებენ სავარაუდოდ ადლერში გადაღებულ ვიდეოებს, რომლებშიც მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები. ვრცელდება ცნობები, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დასახლებებში ესმით სროლისა და აფეთქებების ხმები.
ჯერჯერობით არ ვრცელდება დადასტურებული ვიდეო, რომელშიც სოხუმის თავზე გამოჩენილი დრონი ან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობა ჩანს.
მაშინ, როცა აფხაზურ ტელეგრამ არხებზე ცნობები გავრცელდა, სავარაუდოდ უკრაინული დრონები თავს ესხმოდნენ რუსეთის კრასნოდარის მხარეს, კერძოდ, ქალაქი სოჭის მიდამოებს. უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს ამ მიმართულებით იერიშები პერიოდულად მიაქვთ. სავარაუდოდ, ოკუპირებული ტერიტორიის ცაში შენიშნული დრონიც უკრაინას ეკუთვნის. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთს გააჩნია სამხედრო ობიექტები, თუმცა, შესაძლებელია, რომ უპილოტო საფრენი აპარატი კრასნოდარის მხარისკენ მიემართებოდა. დრონების გამოჩენის დრო ემთხვევა საათებს, რომლის დროსაც, თითქმის ყოველ დღე, უკრაინულ დრონებს რუსეთის რეგიონებზე იერიშები მიაქვთ.
აქამდე, გასულ კვირებში, 24 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გაგრის რაიონში დრონის ნარჩენები აღმოაჩინეს.





