საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხვალ უკრაინაში გაემგზავრება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე უთხრა, უკრაინაში გამგზავრების მიზანია დაჭრილებისა და დაზარალებულთა მკურნალობაში დახმარება.
"ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრთან, როგორც ახლანდელთან, ისე მის წინამორბედთან, სულ გვქონდა კომუნიკაცია და მხარდაჭერის შეთავაზება. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ ჩავიდოდა რამდენიმე სპეციალისტი, რომელიც ადგილზე კონსულტაციებით დაადგენდა სამოქმედო გეგმას. გადავწყვიტე, რომ მე თვითონ წავიდე, წამოვა ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ხვალ დილით მივდივართ და ხვალიდანვე შეხვედრებს გავმართავთ. ვიზიტის მიზანია საჭიროებების შეფასება და სამომავალო გეგმის გაწერა. ვფიქრობ, ორი დღის განმავლობაში ამას მოვახერხებთ და უკვე კვირის ბოლოდან ეს გეგმა ამოქმედდება", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
დავით სერგეენკოსთან ერთად უკრაინაში გაემგზავრება ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ უტიაშვილი.
ცნობისთვის, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობას უკრაინის "მაქსიმალურად დახმარების" დავალება მისცა.
"კარგი იქნება, თუ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენთ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს. მაქსიმალური მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინეთ", - მიმართა პრემიერმა მინისტრებს.





