უკრაინის კრიზისი

პენტაგონი: რუსეთმა უკრაინიდან კოლონა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს

unian.info

პენტაგონმა უკრაინაში, კიევის ნებართვის გარეშე რუსული ჰუმანიტარული კოლონის შეყვანა დაგმო.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე აშშ-ის სამხედრო უწყების პრესმდივანმა, კონტრადმირალმა ჯონ კირბიმ განაცხადა, „რუსეთმა საკუთარი ტრანსპორტი და პერსონალი უკრაინის ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს".

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთს დამატებითი ზარალი და იზოლაცია ემუქრება. კირბის განცხადებით, ცოტა ხნის წინ რუსეთს თავდაცვის მინისტრმა მისცა გარანტია თავის ამერიკელ კოლეგას, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში არ შევლენ.

როგორც СNN პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 18 ათასი სამხედრო ჰყავს განლაგებული. წყაროს ცნობით, რუსული ნაწილები შეტევისთვის სრულ მზადყოფნაში იმყოფებიან.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს უკვე ჰქონდათ კონტაქტები რუს კოლეგებთან და მოსკოვს კიევის შეშფოთება გადასცეს.

პოროშენკოს თქმით, მან მოსკოვს შესთავაზა, „სიტუაცია საერთაშორისო სამართლის ფარგლებში დავაბრუნოთ" და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ შექმნილმა სიტუაციამ უფრო მძიმე შედეგები არ მოიტანოს.

უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა კი განაცხადა, რომ რუსული კოლონა უკრაინაში პროვოკაციის მიზნით გაიგზავნა. მისი თქმით, რუსული გეგმის თანახმად, კოლონისათვის ცეცხლი უნდა გაეხსნათ, რაც კიევს დაბრალდებოდა, „მაგრამ, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ".

იაცენიუკის განცხადებით, ზოგიერთი მანქანა კოლონაში სანახევროდაც არ არის დატვირთული, რაც იმას ნიშნავს, რომ „რუსები თავიდანვე არ გეგმავდნენ რაიმე ჰუმანიტარული მისიის განხორციელებას".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ კოლონის უკრაინაში შეყვანის მიზეზი კიევის მხრიდან ტვირთის განბაჟებისა და შემოსვლაზე ნებართვის გაცემის „გაჭიანურება" გახდა.

სულ უკრაინის საზღვარი დღეს, კიევის ნებართვის გარეშე, 150-მდე რუსულმა სატვირთო მანქანამ გადაკვეთა.

კომენტარები