უკრაინის კრიზისი

რუსული ჰუმანიტარული კოლონა უკრაინაში კიევის ნებართვის გარეშე შევიდა

რუსულმა ჰუმანიტარულმა კოლონამ, კიევის ნებართვის გარეშე, უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. განცადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყებამ გააკეთა და ჰუმანიტარული დახმარების შეფერხებაში კიევი დაადანაშაულა. „ამგვარი განუკითხაობის, აშკარა ტყუილის მოთმენა აღარ შეიძლებოდა", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული კოლონის წინააღმდეგ შესაძლო პროვოკაციების შედეგებზე პასუხისმგებლობა უკრაინის მხარეს დაეკისრება.

უკრაინული წყაროების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინელი მესაზღვრეები გვერდზე გაწიეს და კოლონა უკრაინაში შეუშვეს. ქვეყნის საზღვარი 34-მა მანქანამ გადმოკვეთა, რომელმაც საბაჟო გაფორმების პროცედურები გაიარა და უკრაინის ხელისუფლებისა და წითელი ჯვრის ნებართვას ელოდნენ. სულ რუსულ კოლონაში 280-მდე სატვირთო მანქანაა, რომლებიც, რუსული მხარის ცნობით, სურსათით და სხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთით არის დატვირთული.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ რუსული კოლონის შემოსვლას ქვეყნის ტერიტორიაზე ღია ინტერვენცია უწოდა. მისი განცხადებით, ამ მანქანებს რუსი სამხედრო მოსამსახურეები მართავენ, ეს ტრანსპორტი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის და შესაძლოა, სამხედრო დანიშნულებით იყოს გამოყენებული.

კომენტარები