პრეზიდენტის უფლებამოსილება

დარჩიაშვილი: გენერალური შტაბის უფროსი პრეზიდენტთანაც იქნება ანგარიშვალდებული

Facebook.com

"თავდაცვის შესახებ კანონპროექტში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იქნება ანგარიშვალდებული საქართველოს პრეზიდენტთანაც", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადი იქნება.

"არის რიგი ცვლილებებისა, რომლებიც განხილვის პროცესშია. დაველოდოთ საპარლამენტო კომიტეტებში განხილვას. იქაც იქნება ინტენსიური დებატები აღნიშნულ კანონპროექტზე და შემდეგ მივიღებთ დოკუმენტს, რომელიც იქნება სრულ თავსებადობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ასევე, კანონპროექტში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, გენერალური შტაბის უფროსი იქნება ანგარიშვალდებული საქართველოს პრეზიდენტთანაც", - განაცხადა დარჩიაშვილმა. 

თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო სფეროში პრეზიდენტის უფლებამოსილებების დიდი ნაწილი მთავრობის კომპეტენციაში გადადის. კანონპროექტი პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა და მის განხილვას საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს.

მოქმედი კანონმდებლობით, უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველია გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელიც ხელმძღვანელობს და მართავს შეიარაღებულ ძალებს. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი. თუმცა, თავდაცვის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, პრეზიდენტი აღარ დაამტკიცებს გაერთიანებული შტაბის დებულებას, ხოლო შტაბის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული იქნება არა პრეზიდენტის, არამედ თავდაცვის სამინისტროს წინაშე.

კომენტარები