პატიმრის გარდაცვალება

ომბუდსმენი პატიმრის გარდაცვალებაზე: უნდა ჩატარდეს ყოვლისმომცველი გამოძიება

საქართველოს სახალხო დამცველმა რუსთავის ციხეში 24 წლის მსჯავრდებულის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო. ომბუდსმენის განცხადებით, აპარატი მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობას. უჩა ნანუაშვილის თქმით,“ მნიშვნელოვანია, დადგინდეს, იყო თუ არა მიღებული ყველა გონივრული ზომა მსჯავრდებულ ჯიდო ფირცხელიანის სიცოცხლის დასაცავად“.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ „საპირფარეშოში ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემის დაუშვებლობაზე აპელირება, როგორც ეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში იყო მოცემული, ვერ პასუხობს კითხვაზე, მიღებული იყო თუ არა ყველა გონივრული ზომა მსჯავრდებულის სიცოცხლის დასაცავად“. ომბუდსმენის თქმით, აუცილებელია, ჩატარდეს დროული და ყოვლისმომცველი გამოძიება. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ ეჭვების გამორიცხვის მიზნით, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო მოქმედებები უშუალოდ საქართველოს პროკურატურამ აწარმოოს.

"როგორც ოჯახის წევრებმა, ასევე საზოგადოებამ უნდა მიიღოს სარწმუნო პასუხი არსებულ ყველა კითხვაზე. ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა სხეულის დაზიანების და პროტესტის ნიშნად შიმშილობის ფაქტებს, შეისწავლოს პატიმართა საჭიროებები და მიაწოდოს შესაბამისი მომსახურება, მათ შორის, დანერგოს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისები და მხოლოდ ჰუმანიტარული თანადგომის პირობებში, პატიმართა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს ე.წ. დინამიური უსაფრთხოების კონცეფცია. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები და დაცული იყოს პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

გუშინ, სასჯელაღსრულების რუსთავის N6 დაწესებულებაში 24 წლის პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თეა პერტაიას განცხადებით, გამოძიება პროკურატურის ზედამხედველობით, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მისი თქმით, გარდაცვლილი პატიმარი თანასაკნელებმა საპირფარეშოში იპოვეს. სასჯელაღსრულების სამინისტროში მსჯავრდებულის სავარაუდო თვითმკვლელობაზე სწორედ თანასაკნელებზე დაყრდნობით საუბრობენ. სამინისტროს განცხადებითვე, საპირფარეშოში ვიდეოკონტროლი არ ხორციელდება.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები თვითმკვლელობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ჯიდო ფირცხელიანი 10 თვეში უნდა გათავისუფლებულიყო. 

გასული წლის განმავლობაში, სასჯელაღსრულების სისტემაში კიდევ რამდენიმე პატიმარი გარდაიცვალა. 2014 წლის 4 მარტს ქუთაისში გეგუთის საპყრობილეში გიგა ფარტენაძე დაიღუპა. ოფიციალურ მიზეზად მისი სხვა პატიმრების მიერ ცემა დასახელდა. 2013 წლის 8 ოქტომბერს კი ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში 16 წლის გოგა ძველაია გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო. 2013 წლის მაისში, ასევე გეგუთის საპყრობილეში მსჯავრდებული ლევან კორტავა დაიღუპა. მიზეზად ამ შემთხვევაშიც სხვა პატიმრების მიერ მასზე ფიზიკური ძალადობა დასახელდა. 

კომენტარები