დანაშაულის სტატისტიკა

შსს: ზესტაფონში ქალის მკვლელობას პროკურატურა იძიებს და სტატისტიკაში არ შედის

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ივლისის თვის დანაშაულის დეტალური სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, 2013 წლის ივლისის თვესთან შედარებით, წელს დანაშაულმა 18.2%-ით იკლო. უწყების მტკიცებითვე, გახსნის პროცენტული მაჩვენებელია 56.29%, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაკვეთში 49.36%-ს შეადგენდა.

შსს-ს ინფორმაციით, 2014 წლის ივლისის თვეში დაფიქსირდა განზრახ მკვლელობის 0, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის - 1 შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ მედიასაშუალებებში ივლისის თვეში ორი მკვლელობა გაშუქდა. მათგან ერთზე, რომელიც ახალქალაქში ბებიის და შვილიშვილის მკვლელობას ეხება, გამოძიება სწორედ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ხოლო 26 ივლისს, ზესტაფონში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის შემთხვევაზე დღეს ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. კითხვაზე, რატომ არ შევიდა აღნიშნული ფაქტი შსს-ს სტატისტიკაში, უწყებაში ტაბულას განუმარტეს, რომ "საქმის გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ივლისის თვის სტატისტიკის მიხედვით, მკვლელობის მცდელობის ხუთი ფაქტი, ხოლო თვითმკვლელობამდე მიყვანის 65 ფაქტი დაფიქსირდა. გარდა ამისა, შსს-ს დანაშაულის სტატისტიკაში მოყვანილი აქვს "სხვა დანარჩენი"-ს პუნქტი, რომელშიც შედის სსკ-ის ხუთი მუხლი (მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით, განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა, მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით და სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. შსს-ს ცნობით, ზემოთ მოყვანილი ხუთი მუხლის ფარგლებში, ივლისის თვეში მკვლელობის 28 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილში, 2014 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაული 55.56%-ით (მკვლელობის ათი შემთხვევა) გაიზარდა.

კომენტარები