მიხეილ სააკაშვილის საქმე

მინაშვილი: სააკაშვილზე შიდა ძებნის გამოცხადება პროკურატურის უძლურების ნიშანია

რადიო "თავისუფლება"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი მინაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილზე შიდა ძებნის გამოცხადება პროკურატურის კიდევ ერთი უძლურების ნიშანია. მისი თქმით, უწყებას რომ საერთაშორისო ძებნა გამოეცხადებინა, ყოფილ პრეზიდენტს არავინ არ დააკავებდა.

"მათ ეს ძალიან კარგად ესმით, მთელმა მსოფლიომ განაცხადა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და, ბუნებრივია, არავინ მას არ დააკავებდა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ვითომდა რაღაც ტიპის ძებნა გამოაცხადეს ქვეყნის შიგნით, უძლურების ნიშანია. კიდევ ერთხელ აღიარებაა იმისა, რომ აქ აქვს პოლიტიკურ დევნას ადგილი", - აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა. პროკურატურის ინფორმაციით, ამის შესახებ გამოტანილია დადგენილება, რომელიც გადაეცა შესაბამის უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, რის შესაბამისადაც ძებნა გამოცხადდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ.

"გამოტანილია დადგენილება ყოფილი პრეზიდენტის ძებნის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი ძებნილად არის ცნობილი. მასზე გამოცხადებულია შიდა ძებნა. გამოტანილია დადგენილება, რომელიც გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს", - ამბობენ მთავარ პროკურატურაში.

მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდა. სააკაშვილი კიდევ ორ საქმეზეა ბრალდებული.

კომენტარები