კრიზისი უკრაინაში

რუსული კოლონა სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ დაიძრა

რუსეთიდან უკრაინაში მიმავალი ჰუმანიტარული კოლონა წინასწარ გამოცხადებულ მარშრუტს ასცდა. მოსკოვიდან წამოსულ კოლონას ხარკოვის ოლქში მდებარე სასაზღვრო პუნქტზე ელოდნენ, სადაც, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ტვირთი წითელი ჯვრის მონაწილეობით უნდა შეემოწმებინათ და სხვა ტრანსპორტზე გადაეტანათ. თუმცა, კოლონამ გუშინ მარშრუტი შეცვალა.

რუსული კოლონა უკრაინის საზღვრის იმ მონაკვეთისკენ მოძრაობს, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. ამის შესახებ გარდიანის კორესპონდენტი შონ უოკერი იტყობინება. კოლონა  ლუგანსკის ოლქში იზვარინეს გამშვები პუნქტისკენ მიემართება. მანამდე ასოშეიტედ პრესი იტყობინებოდა, რომ ჰუმანიტარული ტვირთი ღამით ვორონეჟში, სამხედრო პოლიგონზე გააჩერეს, დილიდან კი კოლონა ლუგანსკისკენ დაიძრა. შესაბამისად, რუსეთმა დარღვია პირობა იმის თაობაზე, რომ ტვირთი საზღვარს კიევის მიერ კონტროლირებად მონაკვეთზე გადაკვეთდა. 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი ოკუპირებულ ყირიმში იმყოფება, სადაც უშიშროების საბჭოს გასვლითი სხდომა და დეპუტატებთან შეხვედრა გამართა. ვლადიმირ პუტინი იალტაში სიტყვითაც გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ქაოსი და ძმათამკვლელი ომი მძვინვარებს და სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფად შეაფასა. პუტინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა კონფლიქტი რაც შეიძლება მალე შეწყდეს.

უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს სანქციების შესახებ კანონი საბოლოოდ დაამტკიცა, რომელიც პრეზიდენტს ცალკეულ ქვეყნების, უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღების უფლებას ანიჭებს. პრემიერ არსენი იაცენიუკის განცხადებით, მთავრობას უკვე მომზადებული აქვს სანქციების სია, რომელშიც ძირითადად რუსეთის მოქალაქეები და იურიდიული პირები მოხვდნენ. 

კომენტარები