ადგილობრივი თვითმმართველობები

ენმ: თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებას აწერინებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამშრომლებს ათავისუფლებენ. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა თქვა, პარტიაში შედის ინფორმაცია სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, რომ "ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ათას ადამიანს აწერინებენ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებას ნებაყოფლობით".

"ასეთი ნებაყოფლობით დაწერილი განცხადების ერთ-ერთი ნიმუში ჩაგვივარდა ხელში რუსთავის მერიიდან. რუსთავის მერის იურიდიული სამსახურის იურისტმა დაწერა თავისი ხელით ფორმა, დააწერა, რომ "რიცხვს არ ვწერთ და ხელს ვაწერთ". ანუ გააკეთა შესაბამისი ფორმა, როგორ უნდა დაწეროს ადამიანმა განცხადება გათავისუფლების თაობაზე. ყველას მოეხსენება, რომ სისხლის სამართლის კოდექსით, იძულება ადამიანის სამსახურიდან წასვლის თაობაზე, არის სისხლის სამართლის დანაშაული. რუსთავის ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, მოვითხოვთ პროკურატურისგან, რომ დაიწყოს გამოძიება. ჩვენ დოკუმენტს წარვადგენთ და ექსპერტიზა დაადგენს, ვისი ხელწერაა და ა.შ. მაგრამ გარდა ამისა, ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მისაღები მთავრობას და უმრავლესობას, რომ დაიცვას დანაპირები და უზრუნველყოს ამ ადამიანების სამუშაო პირობები. ისინი არიან პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის კონკრეტული კეთილი საქმეების გაკეთება და ამ შემთხვევაში, გათავისუფლება და ნათესავების და პირადი პარტიული აქტივისტების დასაქმება არ არის მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში", - განაცხადა ბეჟაშვილმა. 

კომენტარები