მიხეილ სააკაშვილის საქმე

თემურ ჯანაშია მის დაკავებას არ გამორიცხავს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია პროკურატურაში ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად გამოცხადდა. კითხვაზე, ელოდება თუ არა ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ დაკავებას, ჯანაშიამ განაცხადა, რომ ყველაფერია მოსალოდნელი. 

მისი თქმით, ხარჯებს, რომელზეც ბრალდებაშია საუბარი, იწერდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და თითოეული თეთრი კანონიერად დაიხარჯა.

პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად ჯანაშიასთან ერთად საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი ოთარ კახიძეც მივიდა. 

პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 8 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის ბრალის დადგენილება გამოიტანა. ექსპრეზიდენტთან ერთად ბრალი წარედგინა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც. პროკურატურამ წარმოადგინა უცხოეთში ვიზიტებისას ყოფილი პრეზიდენტის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის მომსახურების, ავტომანქანების, ვერტმფრენის, იახტის, ველოსიპედების დაქირავების ხარჯი. ასევე, პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შვიდი პიჯაკი, 1 ქაშმირის პალტო, ორი კოსტიუმი და ათი მაჯის საათი იყიდა.

კომენტარები