ერაყის კრიზისი

რელიგიათა საბჭო ერაყში ეზიდ მოსახლეობაზე ძალადობით შეშფოთებულია

ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ერაყში ტერორისტული დაჯგუფების (ISIS) მიერ მშვიდბიან ეზიდ მოსახლეობაზე ძალადობის, მათი დევნისა და ფიზიკური განადგურების გამო.

"თითოეული ადამიანის ვალია წინ აღუდგეს ძალადობას, რომელმაც უკვე მასობრივი დანაშაულის ფორმა შეიძინა. ჩვენ მოწმენი გავხდით თუ როგორ ხდება უძველესი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის, ეზიდების, მიზანმიმართული და სისტემატური დევნა და განადგურება. საერთაშორისო საზოგადოება უკვე ხმამაღლა საუბრობს გენოციდის ნიშნებზე.

ყოვლად დაუშვებელია ადამიანები იდევნებოდნენ განსხვავებული მრწამსის თუ შეხედულების გამო. ჩვენ ვგმობთ რელიგიის სახელით ყველანაირ ძალადობას, რელიგიის სახელით გაჩაღებულ კონფლიქტებსა და ომებს, რადგან მტკიცედ გვჯერა, რომ რელიგია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ შემწყნარებლობისა და მშვიდობის წყარო იყოს.

რელიგიათა საბჭოს წევრები სოლიდარობას ვუცხადებთ ეზიდ ხალხს და მოვუწოდებთ მსოფლიო რელიგიურ გაერთიანებებს, საერთაშორისო თანამეგობრობას და მთავრობებს დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა საჭირო ზომა ეზიდი მოსახლეობის გადასარჩენად, მათ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უმოკლეს დროში აღსაკვეთად", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები