კრიზისი უკრაინაში

უკრაინა რუსულ კოლონას საზღვარზე არ გაატარებს

ჰუმანიტარული კოლონა, რომელსაც რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში აგზავნის, დღეს დილით მოსკოვის ოლქიდან დაიძრა. კოლონაში 280 თეთრად გადაღებილი სამხედრო სატვირთო მანქანაა, რომლებსაც სანომრე ნიშნები მოხსნილი აქვთ. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, კოლონამ აღმოსავლეთ უკრაინაში 2 ათას ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი უნდა ჩაიტანოს, მათ შორის - სურსათი, მედიკამენტები, წყალი და დიზელ-გენერატორები.

ჰუმანიტარული აქცია საერთაშორისო წითელი ჯვრის ეგიდით უნდა განხორციელებულიყო. თუმცა, როგორც დოიჩე ველეს წითელი ჯვრის წარმომადგენელმა განუცხადა, რუსეთმა შეთანხმება დაარღვია და ტვირთების შესახებ ორგანიზაციას ინფორმაცია არ მიაწოდა. წითელი ჯვარი კოლონის გაგზავნასთან რაიმე კავშირს უარყოფს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, კოლონა უკრაინის საზღვარს იმ მონაკვეთზე გადაკვეთს, რომელიც კიევთან შეთანხმებული იქნება. ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვალერი ჩალის განცხადებით, კოლონას საზღვარზე არ გაატარებენ და ტვირთები, განბაჟების შემდეგ, დანიშნულების ადგილამდე სხვა ტრანსპორტით იქნება მიწოდებული, რომელსაც წითელი ჯვარი უზრუნველყოფს.

განცხადება უკრაინაში ჰუმანიტარული კოლონის გაგზავნის შესახებ ვლადიმირ პუტინმა გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იტალიის პრემიერთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, ნებისმიერი ჰუმანიტარული აქცია საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით უნდა განხორციელდეს და უკრაინის ხელისუფლებასთან უნდა იყოს შეთანხმებული. ყველა სხვა შემთხვევაში, რუსეთის ნაბიჯი მიუღებლად ჩაითვლება და შემდგომ სანქციებს გამოიწვევს. მანამდე NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული საბაბით რუსეთის სამხედრო შეჭრის ალბათობა უკრაინის ტერიტორიაზე საკმაოდ მაღალია.

კომენტარები