ერაყის კრიზისი

აშშ-ის პრეზიდენტმა ერაყის ახალ პრემიერს მხარი დაუჭირა

Getty Images

ერაყში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. პრეზიდენტმა ფუად მასუმმა პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად პარლამენტის ვიცესპიკერი ჰაიდერ ალ-აბადი დანიშნა და მთავრობის ფორმირება დაავალა.

ახალ პრემიერს მხარი შეერთებულმა შტატებმა დაუჭირა, რომელიც ერაყს ისლამისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელებაში ეხმარება. ამერიკის პრეზიდენტმა მხარი ახალი, ინკლუზიური მთავრობის შექმნას დაუჭირა და ყველა პოლიტიკურ ლიდერს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

"კრიზისი შეერთებული შტატების ჩარევით ვერ გადაწყდება. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ თავად ერაყელები ერთად შეიკრიბონ და ინკლუზიური მთავრობა შექმნან, რომელიც ყველა ერაყელის კანონიერ ინტერესებს გამოხატავს და ქვეყანას გააერთიანებს ისლამისტებთან ბრძოლაში. დღეს ერაყმა ამ მხრივ იმედისმომცემი ნაბიჯი გადადგა. ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი და მე ვესაუბრეთ დოქტორ აბადის, მივულოცეთ მას და მოვუწოდეთ, კაბინეტი რაც შეიძლება მალე ჩამოაყალიბოს", - განაცხადა ობამამ.

ცნობისთვის, ქვეყნის მოქმედ პრემიერ ნური ალ-მალიქის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა, თუმცა იგი პოსტის დატოვებაზე უარს აცხადებს და ბაღდადში თავისი ერთგული  სამხედრო ნაწილები შეიყვანა. მალიქიმ პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერობის კანდიდატურა კონსტიტუციით დადგენილ ვადებში პარლამენტისთვის არ წარუდგენია, გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.

კომენტარები