უკრაინის კრიზისი

რუსებმა გრადის ტიპის ზალპური დანადგარებით უკრაინული სოფელი გაანადგურეს

სოფელი სტეპანოვკა
pravda.com.ua

უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ოფიციალური facebook-გვერდის ცნობით, რუსებმა, დონეცკის რაიონში, გრადის ტიპის ზალპური ცეცხლის დანადგარებით საზღვრისპირა სოფელი სტეპანოვკა გაანადგურეს. ინფორმაციის თანახმად, ცეცხლი რუსეთის ტერიტორიიდან, გრადის ტიპის ზალპური დანადგარებიდან გაიხსნა. ამის დასადასტურებლად უკრაინულმა ძალებმა ფოტომასალა გაავრცელეს.

კვირას, 10 აგვისტოს, დონეცკში საარტილერიო დაბომბვის შედეგად მკაცრი რეჟიმის №124-ე კოლონიიდან პატიმრები გაიქცნენ. ერთი მათგანი გარდაიცვალა, სამი დაიჭრა და 15-მა დაზიანებები მიიღო. საარტილერიო დაბომბვის შედეგად ჭურვი გამოსასწორებელი კოლონიის საცხოვრებელ ზონას დაეცა. კოლონიაში ბუნტი დაიწყო და 106-მა ადამიანმა ციხის ტერიტორია დატოვა. დილის მონაცემებით მათი ნაწილი უკან დაბრუნდა.

Reuters-ის ცნობით, უკრაინული არმია დონეცკში ოპერაციის ფინალური ეტაპისთვის ემზადება. ამ ინფორმაციას სააგენტო უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სპიკერზე, ანდრი ლისენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. „ანტიტერორისტული ოპერაციის ძალები დონეცკის გათავისუფლების ფინალური სტადიისთვის ემზადებიან. ჩვენმა ძალებმა სრულიად მოკვეთეს დონეცკი ლუგანსკიდან. ვმუშაობთ ორივე ქალაქის გასათავისუფლებლად", - აცხადებს ლისენკო. მისი თქმით, უკრაინის ეროვნული გვარდიისთვის პრიორიტეტულია დონეცკის გათავისუფლება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11-დან 16-აგვისტომდე ფსკოვის მხარეში ორსაფეხურიანი სადივიზიო სამეთაურო-საშტაბო წვრთნა დაგეგმა. წვრთნის ფარგლებში, სამი ათასი ადამიანი უცნობ ტერიტორიაზე დესანტირდება და თვითმფრინავებიდან სამხედრო ტექნიკის 12 ობიექტს ჩამოაგდებენ.

კომენტარები