ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი

ისრაელი და პალესტინა 72-საათიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ღაზის სექტორი
AFP

ისრაელი და პალესტინა ახალ 72-საათიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. "დაზავება" კვლავ ეგვიპტემ შესთავაზა, რათა კაიროში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

ეგვიპტემ მხარეებს 3-დღიანი ზავი ცოტა ხნის წინაც შესთავაზა, თუმცა, მაშინ, 72 საათის გასვლისთანავე, ჰამასმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რის საპასუხოდაც ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო თავდასხმები განახორციელა.

საომარი მოქმედებების დაწყებიდან კონფლიქტში 2000-მდე ადამიანი დაიღუპა. გაეროს მონაცემებით, მათ შორის 1900 პალესტინელია. ხოლო ისრაელის მხრიდან ომს 67 ადამიანი შეეწირა, 3 მშვიდობიანი მოქალაქის ჩათვლით.

ისრაელმა საჰაერო ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ 8 ივლისს დაიწყო, სახმელეთო - 17 ივლისს, რომელიც 5 აგვისტოს დაასრულა, რადგან ისრაელმა ძირითად მიზანს, დაენგრია ჰამასის გვირაბების ქსელი, მიაღწია. ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზი, მისი სამხრეთი რეგიონების დაბომბვა გახდა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მკვლელობით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვნის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალესტინელის მკვლელობაში ისრაელი ჯარისკაცები დაადანაშაულა და მათ შურისძიებას დაჰპირდა.

კომენტარები