ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი

გაერომ იერუსალიმზე აშშ-ის გადაწყვეტილება რეზოლუციით დაგმო

AFP

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ ყველა გადაწყვეტილება ქალაქის სტატუსის შესახებ “ძალადაკარგული და გაბათილებულია“.

193 წევრიდან რეზოლუციას მხარი 128 ქვეყანამ დაუჭირა, ცხრამ ხმა საწინააღმდეგოდ მისცა, 35-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს.

გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება. დონალდ ტრამპა თქვა, რომ ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტდა ქვეყნებს, რომლებიც რეზოლუციას მხარს დაუჭერდნენ.

გაეროში აშშ-ს ელჩის ნიკი ჰეილის განცხადებით, ამ რეზოლუციის მიუხედავად, აშშ-ს საელჩო მაინც გადავა იერუსალიმში. ჰეილის თქმით, გაეროს ვერანაირი კენჭისყრა ამას ვერ შეცვლის, თუმცა „შეცვლის იმას, თუ როგორ უყურებენ ამერიკელები გაეროს“.

„შეერთებული შტატები დაიმახსოვრებს ამ დღეს, როდესაც ის გენერალურ ასამბლეაზე გამოარჩიეს იმისთვის, რომ სუვერენული სახელმწიფოს ქმედება აღასრულა. ჩვენ ამას გავიხსენებთ, როდესაც, კიდევ ერთხელ, გაეროსთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი კონტრიბუციის გასაწევად დაგვიძახებენ, გავიხსენებთ, როდესაც ბევრი ქვეყანა კიდევ უფრო მეტის გადახდისა და მათ სასარგებლოდ ჩვენი გავლენის გამოყენებისკენ მოგვიწოდებს“ - თქვა ნიკი ჰეილიმ.

კენჭისყრის შემდეგ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპს და ჰეილის მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ „გვერდით დაუდგნენ ისრაელსა და სიმართლეს. საბოლოოდ სიმართლე გაიმარჯვებს“.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, რომელსაც 193 წევრი ჰყავს და სადაც არც ერთ ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება, იშვიათი საგანგებო შეხვედრა არაბული და მუსლიმური ქვეყნების მოთხოვნით გამართა, რომლებმაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმეს.

აშშ-ს პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალად ოფიციალურად 6 დეკემბერს აღიარა.

უფრო დაწვრილებით აღიარების მნიშვნელობის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები