საქართველოს პრეზიდენტი

მარგველაშვილი: ჩვენი პარტნიორების შენიშვნები სასაცილო არ არის

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დასავლელი დიპლომატების კრიტიკული შეფასებები საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის წარდგენილი ბრალდებების თაობაზე ძალზე მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მარგველაშვილმა პალიტრა ტვ-ის გადაცემა რეზიუმეში განაცხადა.

"მე არ მგონია, რომ ეს იყოს ირონიული ან სასაცილო თემები, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით NATO-ს სამიტის წინ ჩვენი პარტნიორების კონსოლიდაცია საქართველოსთან მიმართებაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ბუნებრივია, ჩვენ ვხედავთ ძალიან ინტენსიური პოზიციების დაფიქსირებას და ამას ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ყველა ის გზავნილი და წერილი, რომელიც საქართველომ მიიღო დასავლეთისგან და ჩვენი პარტნიორებისგან, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, იმიტომ, რომ რეალურად ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური სტაბილურობა, სუვერენიტეტი, სიმტკიცე მნიშვნელოვანწილად დამყარებულია ჩვენი პარტნიორების და მეგობრების მხარდაჭერაზე. ამ ვითარებაში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ იმ კორესპონდენციას, რასაც ვხედავ და ვადევნებ თვალს. ამ ვითარებაში ძალიან პრინციპულად დგება საქმე იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველამ ჩავაბაროთ ეს გამოცდა და დავუმტკიცოთ როგორც დასავლეთს, ისევე ჩვენს თავს და ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ სტაბილური, დემოკრატიული სახელმწიფო. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ამის ჩვენება არა მარტო იმ დასავლელი პარტნიორების მიმართ, რომლებიც ავლენენ ყურადღებას ამ თემების მიმართ, არამედ ჩვენთვისვე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ "ჩვენ ვალდებულება გაგვაჩნია, ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური ნიშნით დევნა არ ხორციელდება".

კომენტარები