ამერიკელი სენატორები

რატომ არ გამოაქვეყნა პრემიერის ადმინისტრაციამ ოთხი სენატორის წერილი

ოთხი სენატორის წერილი პრემიერს
tabula.ge

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურმა, ტაბულას კითხვაზე, რატომ არ გამოაქვეყნეს 1 აგვისტოთი დათარიღებული ოთხი ამერიკელი სენატორის წერილი, სადაც ისინი აქცენტს სვამენ წინა ხელისუფლების გასამართლებასთან დაკავშირებულ საფრთხეზე, კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობაზე, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციიის წარმომადგენელთა მიმართ გამოუძიებელ ძალადობასა და რელიგიური უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობის სახიფათო მატებაზე, უპასუხა, რომ მათ მსგავსი შინაარსის წერილების გამოქვეყნების პრაქტიკა არ აქვთ.

"რას ნიშნავს რატომ არ გამოქვეყნებულა, ჩვენ ვაქვეყნებთ მხოლოდ პრემიერის აქტივობებს, მის განცხადებებს და არა იმ განცხადებებს, რომლითაც პრემიერს მიმართავენ. ასეთი პრაქტიკა არ გვაქვს, შეგიძლიათ ნახოთ", - განუცხადა ტაბულას პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მანანა თოქმაჯიშვილმა.

მთავრობის ოფიციალურ საიტზე 1 აგვისტოთი მხოლოდ აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია თარიღდება. ამასთან, პრემიერის ოფიციალურ facebook გვერდსა და მთავრობის საიტზე გვხვდება არაერთი წერილი, რომელიც პრემიერმა ღარიბაშვილმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა თუ ელჩებისგან მიიღო. გასაჯაროებულ წერილებს პოზიტიური შინაარსი აერთიანებთ და ძირითადად მილოცვის ან მიპატიჟების შინაარსი აქვთ. 

ასე მაგალითად, მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას წერილი ჰააგის ბირთვული უსაფრთხოების სამიტთან დაკავშირებით, სათაურით აშშ-ს პრეზიდენტის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მთავრობის ოფიციალურ გვერდზე შეხვდებით ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მილოცვასინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მილოცვასევროსაბჭოს გენერალური მდივნის მილოცვას და ა.შ. პრემიერის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიიწვია.

კითხვებზე, გაეგზავნა თუ არა პასუხი სენატორებს პრემიერის მხრიდან და, ასევე, რა შეფასებას აძლევს პრემიერის ადმინისტრაცია წერილის შინაარსს, ტაბულა პრესსამსახურისგან პასუხს ელოდება.

კომენტარები