ამერიკელი სენატორები

რატიანი: პრემიერის წერილი თვალთმაქცობის ძალიან კარგი ნიმუშია

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის შეფასებით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ამერიკელი სენატორებისადმი გაგზავნილი წერილი "თვალთმაქცობის ძალიან კარგი ნიმუშია". მისი თქმით, "აბსურდულია საუბარი ქართული პროკურატურის დეპოლიტიზებაზე მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები აანონსებენ დაჭერებს და პოლიტიკოსები გამოდიან მთავარ ბრალმდებლებად".

სერგო რატიანის შეფასებით, "როგორც ჩანს, ქართული ხელისუფლება არაადეკვატურად აღიქვამს იმ შეშფოთებას, რომელიც მოდის დასავლეთიდან. ისინი ამას უპირისპირებენ ღია სიცრუეს". დეპუტატის თქმით, "ეს დისკურსი გვაგონებს რუსულ დისკურსს, რადგან ერთი მხრივ არის ხოლმე სიცრუე, მეორე მხრივ კი, გრძელდება ქართული სახელმწიფოსთვის მავნებელი საქმეების კეთება".

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი სენატორებისათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ "დღეს მოსამართლეები არიან დამოუკიდებელნი, პროკურატურა აღარ არის დამოკიდებული მთავრობაზე". მისივე თქმით, "ჩვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მთავრობისგან დამოუკიდებელ პროკურატურას მიენიჭა უფლება გამოიძიოს წინა და ახლანდელი სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მძიმე კანონდარღვევები. ეს არ არის ცალმხრივი - ჩვენი მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიესაჯა ერთწლიანი პირობითი სასჯელი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის გამო. რამდენიმე დაბალი რანგის მოხელე და ოფიციალური პირი ასევე მიეცა პასუხისგებაში. მეც საჯაროდ განვაცხადე, რომ თუ თანამდებობაზე ყოფნისას ოდესმე დავარღვევ კანონს, მზად ვარ წავიდე ციხეში".

კომენტარები