ამერიკელი სენატორები

ალასანია: პრემიერის წერილს ვიზიარებთ იმ ნაწილის გარდა, რაც კირვალიძეს ეხება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არ იზიარებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სენატორებისადმი გაგზავნილი წერილის იმ ნაწილს, რომელიც სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს დავით კირვალიძეს ეხება. როგორც მან დიდგორობის დღესასწაულზე ჟურნალისტებს უთხრა, წერილში აღნიშნულ სხვა საკითხებს ისიც და მთლიანად მთავრობაც იზიარებს.

"ძალიან სწორი ფორმაა, როდესაც ქვეყნის ლიდერი, პრემიერმინისტრი ღიად და გულწრფელად წერს იმ სახელმწიფოს სენატორებს, რომლებსაც საქართველოსთვის კარგი უნდათ და კონკრეტულ საკითხებზე აქვთ შეკითხვები. ეს არის აბსოლუტურად სწორი ფორმა და, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა ვიზიარებთ ყველაფერს, რაც წერილშია აღნიშნული, თუ როგორი პროცესებით მიდის საქართველო, რა თქმა უნდა, ერთის გამოკლებით, რომელიც ეხება ბატონ კირვალიძეს", - განაცხადა ალასანიამ. 

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი სენატორებისათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ "დღეს მოსამართლეები არიან დამოუკიდებელნი, პროკურატურა აღარ არის დამოკიდებული მთავრობაზე". მისივე თქმით, "ჩვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მთავრობისგან დამოუკიდებელ პროკურატურას მიენიჭა უფლება გამოიძიოს წინა და ახლანდელი სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მძიმე კანონდარღვევები. ეს არ არის ცალმხრივი - ჩვენი მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიესაჯა ერთწლიანი პირობითი სასჯელი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის გამო. რამდენიმე დაბალი რანგის მოხელე და ოფიციალური პირი ასევე მიეცა პასუხისგებაში. მეც საჯაროდ განვაცხადე, რომ თუ თანამდებობაზე ყოფნისას ოდესმე დავარღვევ კანონს, მზად ვარ წავიდე ციხეში".

კომენტარები