ამერიკელი სენატორები

თარგამაძე პრემიერის წერილზე: პროკურატურის დამოუკიდებლობით აპელირება ცინიზმია

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის განცხადებით, "ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითი იმისა, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები ჯერ აანონსებენ ბრალის წარდგენას და შემდეგ ერთვება საქმეში პროკურატურა". თარგამაძე საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ამერიკელი სენატორების საპასუხოდ გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა და "პროკურატურის დამოუკიდებლობით აპელირება" ცინიზმად შეაფასა. მისი თქმით, პოლიტიკოსების მხრიდან ბრალის დაანონსება და შემდეგ ბრალის წარდგენა იმდენად უწყვეტი ჯაჭვია, რომ ეს არ არის ამოვარდნილი ცალკეული შემთხვევები და ეს არის პროკურატურის წესი

"კიდევ უფრო დიდი ცინიზმია, როდესაც დამოუკიდებლობის მაგალითად მოჰყავთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების და გელა ხვედელიძის საქმეები, მაშინ როცა თავად ეს მაგალითები, მათი მიჩქმალვა და მთელი ეს პროცესი არის ყველაზე უფრო სამაგალითო იმისთვის, რომ ვნახოთ, რამდენად ორმაგი მიდგომაა და რამდენად შერჩევითი სამართალია დღევანდელი სახელმწიფოს პირობებში. და, თავის მხრივ, ალბათ კიდევ ფარისევლობაა ის, რომ ერთი ტონი აქვთ შიდა მოხმარებისთვის, როდესაც კარლ ბილდტს და საქართველოს სხვა მეგობრებს ლანძღავენ ჩვეულებრივად ჩვენი მოქალაქეების წინაშე და მეორე ტონი აქვთ მათდამი გაგზავნილ კორესპონდენციაში", - განაცხადა თარგამაძემ.

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი სენატორებისათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ "დღეს მოსამართლეები არიან დამოუკიდებელნი, პროკურატურა აღარ არის დამოკიდებული მთავრობაზე". მისივე თქმით, "ჩვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მთავრობისგან დამოუკიდებელ პროკურატურას მიენიჭა უფლება გამოიძიოს წინა და ახლანდელი სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მძიმე კანონდარღვევები. ეს არ არის ცალმხრივი - ჩვენი მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიესაჯა ერთწლიანი პირობითი სასჯელი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის გამო. რამდენიმე დაბალი რანგის მოხელე და ოფიციალური პირი ასევე მიეცა პასუხისგებაში. მეც საჯაროდ განვაცხადე, რომ თუ თანამდებობაზე ყოფნისას ოდესმე დავარღვევ კანონს, მზად ვარ წავიდე ციხეში".

კომენტარები