კრიზისი უკრაინაში

უკრაინის სამთავრობო ძალები ქალაქ დონეცკის გარშემო ალყას ავიწროებენ

AFP

უკრაინის სამთავრობო ძალები ქალაქ დონეცკის გარშემო ალყას ავიწროებენ - გასულ ღამეს მათ ქალაქის გარეუბნებში ახალი პოზიციები დაიკავეს. თუმცა, ოპერაციის სარდლობამ არ დაადასტურა გუშინ გავრცელებული ცნობები დონეცკისა და ლუგანსკის შტურმის დაწყების შესახებ. სამხედრო წყაროების ცნობით, უკრაინული პოზიციები ძლიერად იბომბებოდა როგორც სეპარატისტების მხრიდან, ასევე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან. ტერორიზმისა და სეპარატიზმის მხარდაჭერისა და დაფინანსებისთვის უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუს პოლიტიკოსებზე - ვლადიმირ ჟირინოსვკიზე, სერგეი მირონოვსა და გენადი ზიუგანოვზე ძებნა გამოაცხადა.

უკრაინის უშიშროების საბჭომ რუსეთის ტერიტორიაზე, საზღვართან ალყაში მოქცეული 311 სამხედროსა და მესაზღვრის გადასვლის ფაქტი დაადასტურა. სამხედროების განცხადებით, მათ ეს გადაწყვეტილება გამოუვალი მდგომარეობის გამო მიიღეს. ისინი რუსეთის ტერიტორიაზე სპეციალურ ბანაკში მოათავსეს. კიევში აცხადებენ, რომ ყველაფერს აკეთებენ სამხედროების რაც შეიძლება მალე სამშობლოში დასაბრუნებლად.

უშიშროების საბჭოს განცხადებით, უიარაღო სამხედროების კოლონას, რომელიც რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინაში ბრუნდებოდა, ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კომენტარები