მიხეილ სააკაშვილის საქმე

ბაქრაძე: სააკაშვილის დევნა წყალგამყოფის მეორე მხარეს, რუსეთთან გადაგვიყვანს

"გუშინ, ტრადიციულად ქცეულმა ღამის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამით, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომლის წინააღმდეგაც ხელისუფლებას ჩვენი ყველა სტრატეგიული მოკავშირე, პირველ რიგში, აშშ და ევროკოავშირი აფრთხილებდა. ამით, ხელსუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომლითაც წინა ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა და დევნა ახალ ეტაპზე გადადის“, - თქვა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.  

ბაქრაძის შეფასებით, ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელიც გამთლიანების ნაცვლად ქვეყანაში მეტ დაპირისპირებას და მეტ პოლარიზაციას მოიტანს.

როგორც ბაქრაძე ამბობს, ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგი ფორმირდება, როდესაც უკრაინის მოვლენების და სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, ჩნდება წყალგამყოფი - ერთ მხარეს დგას დემოკრატიული მსოფლიო - ამერიკა და ევროკავშირი, ხოლო მეორე მხარეს - რუსეთი.

„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნაბიჯი წყალგამყოფის მეორე მხარეს გადაგვიყვანს, იქ, სადაც რუსეთია", - თქვა ბაქრაძემ.

ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც ამ ნაბიჯს აპლოდისმენტით და მოწონებით შეხვდა, რუსეთი და ვლადიმირ პუტინია. 

"სამწუხაროა, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი აღმოჩნდა არა ის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გასაღრმავებლად ყველაფერი გაეკეთებინა, არამედ საკუთარი პოლიტიკური დევნის ამოცანის განხორციელება. ეს არის ის, რაც NATO-სა და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციაზე უარყოფითად აისახება“, - მიიჩნევს დავით ბაქრაძე.  

კომენტარები