მიხეილ სააკაშვილის საქმე

7 ნოემბრის შესახებ ბურჯანაძის 2014 წლის ჩვენება და 2007 წლის მიმართვა

7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება პარლამენტის იმდროინდელმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მისცა. ადვოკატ ოთო კახიძის ინფორმაციით, სწორედ ის არის საქმეში ერთადერთი და მთავარი მოწმე. აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძის ჩვენება ეწინააღმდეგება 2007 წლის 9 ნოემბერს პარლამენტში მის გამოსვლას, როდესაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა 7 ნოემბრის აქციის დაშლა და მის გარშემო განვითარებული მოვლენები ქართული სახელმწიფოს გადარჩენად შეაფასა. ახლა, ნინო ბურჯანაძე აქციის დაშლას მიხეილ სააკაშვილის მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას უწოდებს, ხოლო 2007 წლის 9 ნოემბერს აცხადებდა, რომ "ჩვენ დავდექით არჩევანის წინაშე, ან უნდა გადაგვერჩინა ეს ქვეყანა უმძიმესი საფრთხისგან, სახელმწიფო გადატრიალებისგან ან უნდა გვეთქვა, რომ ჩვენ არ ვართ იმ პასუხისმგებლობის და ნდობის ღირსი, რომელიც ხალხმა გამოგვიცხადა“.

2014 წლის 28 ივლისის ჩვენებაში ნინო ბურჯანაძე წერს, რომ 2007 წლის ნოემბრის დასაწყისიდან, თბილისში მიმდინარეობდა მოქალაქეთა საპროტესტო გამოსვლები და მომიტინგეები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ხელისუფლების ქმედებების მიმართ. მისი ინფორმაციით, ხელისუფლებამ აქციის დაშლის შესახებ ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2007 წლის 2 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ათეული ათასი მომიტინგე შეიკრიბა და თავიანთი უკმაყოფილება გამოხატა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მტკიცებით, ამაში აქტიურად იყო ჩართული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"მე ყველანაირად ვცდილობდი, ხელისუფლებას არ მოეხდინა მომიტინგეთა დაშლა, ვინაიდან ეს კიდევ უფრო გაამწვავებდა მოსახლეობის ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებას, რასაც შესაძლოა, ცუდი შედეგები მოჰყოლოდა“, - წერს ბურჯანაძე 2014 წლის 28 ივლისის ჩვენებაში. მისივე ინფორმაციით, 7 ნოემბრის დილას დავით უსუფაშვილმა გააღვიძა და ტელეფონით შეატყობინა სამართალდამცავების მხრიდან მოშიმშილეების აყრის შესახებ ინფორმაცია.

"წავედი პატრიარქთან, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ სააკაშვილი და მისი იდეოლოგები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას გამოიყენებდნენ, რასაც ცუდი შედეგი მოჰყვებოდა, გავემართე პატრიარქთან და ვთხოვე, სიტუაციის დარეგულირების მიზნით, რაიმე ზომები მიეღო. პატრიარქთან ცნობილი გახდა ჩემთვის, რომ სამართალდაცველებმა დაიწყეს აქციის დაშლა... იმავე დღეს, როგორც თქვენთვის ცნობილია, მომიტინგეებმა გადაინაცვლეს რიყეზე, სადაც ანალოგიურად მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა, ხოლო რუსთაველსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, კონტროლის მიზნით, გამოიყვანეს საქართველოს შეიარაღებული ძალები. ჯარის რუსთაველზე გამოყვანა იყო უკანონო გადაწყვეტილება, რაც, რა თქმა უნდა, შოკურ მდგომარეობაში მიიღო პრეზიდენტმა სააკაშვილმა“, - აღნიშნავს ბურჯანაძე 2014 წლის 28 ივლისის ჩვენებაში.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პატრიარქთან თავის ვიზიტზე 2007 წლის 9 ნოემბრის მიმართვაშიც საუბრობდა. მაშინ ბურჯანაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ პატრიარქს იმ დილით შეხვდა.

"დღეს, საქართველოს პატრიარქმა ჩემთან დილის შეხვედრისას ბრძანა ჩემთვის და თქვენთვის, ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი ფრაზა. მან თქვა, რომ ქვეყანამ გაიმარჯვა. დიახ, ქვეყანამ გაიმარჯვა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ქვეყანამ გაიმარჯვა, ქვეყანამ გაუძლო ძალიან დიდ გამოცდას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მოკლე ვადებში გადავა აბსოლუტურად ნორმალურ რეჟიმში და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, ამაყად ვიტყვით, რომ ქვეყანა შედგა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 2007 წელს, აქციის დაშლის მესამე დღეს. მაშინ მან მადლობა გადაუხადა მათ, "ვინც ძალიან მძიმე, ემოციური ფონის მიუხედავად, ძალიან რთული დღეების მიუხედავად, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში, მართლაც შეძლო სწორი ანალიზის გაკეთება“. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მაშინდელი განცხადებით, „ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში შეგვიძლია, ხმამაღლა ვთქვათ - ქართული საზოგადოება შედგა და ქართული სახელმწიფო შედგა“. მან მოუწოდა ყველას, ყურადღებით ენახათ და მოესმინათ კადრები სახელმწიფო გადატრიალების შესახებ და დაფიქრებულიყვნენ - რა საფრთხე ელოდა ქვეყანას.

"ეს იყო მცდელობა ულტიმატუმისა, ეს იყო მცდელობა ცალკეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ხელისუფლების და ქვეყნის დაშანტაჟებისა. ნებით თუ უნებლიეთ, ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ჩართული იმ პროცესებში, რომელსაც ძალიან კონკრეტული გვარი და სახელები მართავდნენ, ძალიან კონკრეტული ქვეყნის და ძალიან კონკრეტული ძალების ინტერესებში შედიოდა ის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო არასტაბილურობა და სერიოზული საფრთხე მომავალი განვითარებისა“, - აცხადებდა ბურჯანაძე და აღნიშნავდა, რომ იმ ადამიანებთან და პოლიტიკურ ძალებთან, ვინც მხილებულნი და ეჭვმიტანილნი იყვნენ კონკრეტულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, ის და მისი კოლეგები დიალოგს არ გამართავდნენ.

ამასთან, 2007 წლის გამოსვლისას, ნინო ბურჯანაძემ გაიხსენა 1917 წლის 7 ნოემბერი და თქვა, რომ ნიკოლოზ მეორის მაშინდელ ადამიანურ სისუსტეს „მოჰყვა სისხლის მდინარეები კი არა, სისხლის ოკეანეები“. ამიტომ, - აცხადებდა პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, რომელიც ახლა ყოფილ პრეზიდენტს და მის კოლეგებს აქციის უკანონო დაშლაში ადანაშაულებს - „არის პოლიტიკოსების ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც ყველაფერი უნდა გააკეთო საკუთარი ნერვების, საკუთარი განცდების და ყველაფრის ფასად, რომ არ დაუშვა სისხლის მდინარეების დენა შენს ქვეყანაში, არ დაუშვა, რომ შენი ქვეყანა დადგეს ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ“.

ნინო ბურჯანაძის 2007 წლის 9 ნოემბრის განცხადებითვე, "არ იყო ჩვენთვის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, არც პრეზიდენტისთვის, არც ჩემთვის, არც ამ დარბაზში მყოფი ნებისმიერი ადამიანისთვის, არც სამართალდამცავი ორგანოებისთვის. მე მინდა იცოდეთ და ალბათ, იფიქროთ ჩემთან ერთად და წარმოიდგინოთ, რამხელა ტკივილი დუღდა თუნდაც იმ სპეცნაზელების და სამართალდამცავების გულებში, რომლებიც იძულებული იყვნენ თავისი მეზობლის, თავისი ნაცნობის, თავისი თანამოქალაქის, თავისი, შესაძლოა, ნათესავის წინაშეც კი მდგარიყვნენ, მაგრამ პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში, ამ ადამიანებმა შეძლეს, საკუთარი ტკივილის და საკუთარი სიმძიმის განცდაზე მაღლა დაეყენებინათ ქვეყნის ინტერესი, ამ ადამიანებმა შეძლეს, წარმოედგინათ, რა მოჰყვებოდა მათ იმწუთიერ სისუსტეს, მათ შეძლეს, თავის თავზე მაღლა დამდგარიყვნენ. ეს არ არის ხელისუფლების ბრალი მხოლოდ, რომ ჩვენ ვერ ავიცილეთ ეს თავიდან. ეს კარგად გააცნობიერეთ. არც ერთ ჩვენგანს წარმოდგენილიც არ გვქონდა, რომ შეიძლებოდა, მოვლენები ასე განვითარებულიყო. მაგრამ ჩვენ დავდექით არჩევანის წინაშე, ან უნდა გადაგვერჩინა ეს ქვეყანა უმძიმესი საფრთხისგან, სახელმწიფო გადატრიალებისგან ან უნდა გვეთქვა, რომ ჩვენ არ ვართ იმ პასუხისმგებლობის და ნდობის ღირსი, რომელიც ხალხმა გამოგვიცხადა“.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბრალი გუშინ დაუსწრებლად წაუყენეს. გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს კი, ბრალდება საპატიმრო დაწესებულებებში წარუდგინეს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთო კახიძის ინფორმაციით, 80-ტომიან საქმეში მთავარი და ერთადერთი მოწმე, ვინც სააკაშვილის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე საუბრობს, ნინო ბურჯანაძეა. ადვოკატის ცნობით, ბურჯანაძის ჩვენების მიხედვით, გადაწყვეტილება მომიტინგეთა დაშლის და იმედში შესვლის თაობაზე მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, თუმცა სხვა მტკიცებულებების მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტის სახელსა და გვარს არავინ ახსენებს. ამასთან, კახიძე აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა 28 ივლისს, 13:00 საათზე გამოიტანა, ხოლო ნინო ბურჯანაძის ჩვენება, რასაც ეყრდნობა აღნიშნული დადგენილება, მიღებულია რამდენიმე საათით გვიან. 

"ანუ პროკურატურამ ჯერ გამოიტანა ბრალდების დადგენილება მიხეილ სააკაშვილის მიმართ მტკიცებულებების გარეშე და ამის შემდგომ, 15:45 საათზე დაიწყო ნინო ბურჯანაძის დაკითხვა. აღნიშნული დაკითხვა დასრულდა 17:10 საათზე. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის დავალებით, პროკურატურამ ფორსირებულ რეჟიმში დაწერა დადგენილება და შემდგომ დაიწყო მტკიცებულებების "შექმნა", - აცხადებს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ ნინო ბურჯანაძის ჩვენების გარდა, არ არსებობს არცერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რაიმე გადაწყვეტილებების მიღებაზე საუბრობს. 

კომენტარები