მიხეილ სააკაშვილის საქმე

აშშ-ის ელჩი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე: ჩვენ პროცესს თვალს ვადევნებთ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენებას ეხება. 

"განცხადებაში ასახულია ის წუხილი, რომელიც არის ამერიკაში ყოფილი პრეზიდენტის ბრალდებასთან დაკავშირებით. ასევე გამოხატულია იმედი, რომ სამართლებრივი პროცესის წარმოების დროს რაიმე ფორმის შურისძიების თავიდან აცილება მოხდება. ჩვენ პროცესს თვალს ვადევნებთ", - თქვა ნორლანდმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "კანონის უზენაესობის ერთგულება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველამ უნდა დაიცვას კანონი, არამედ იმასაც, რომ სამართლებრივი სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური შურისძიების იარაღად".

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბრალი გუშინ დაუსწრებლად წაუყენეს. გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს კი, ბრალდება საპატიმრო დაწესებულებებში წარუდგინეს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები