მიხეილ სააკაშვილის საქმე

კობახიძე: ჩვენს მეგობარ სენატორებს სწორად უნდა ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე

პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, "ამერიკელი სენატორების განცხადება არ არის სასიამოვნო, მაგრამ კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცველი იქნებოდა, მსოფლიოში თავისუფლად გადაადგილდებოდეს ადამიანი, რაღაც ავანტიურას ეწეოდეს, აცხადებდეს თავს დემოკრატიისთვის და მშვიდობისთვის მებრძოლ ფიგურად და თურმე, მას შეხება ჰქონია, სავარაუდოდ, მძიმე დანაშაულებთან". მანანა კობახიძე მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენების შესახებ ამერიკელი სენატორების შეშფოთებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ჩვენი ამოცანაა, სწორად გავაგებინოთ, ავუხსნათ ჩვენს მეგობრებს, რასთან გვაქვს საქმე, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩეს, რომ არანაირ პოლიტიკურ დევნას არ აქვს ადგილი".

ცნობისთვის, სენატორების ბენ კარდინის (დემოკრატი), ჯონ მაკკეინის (რესპუბლიკელი), ჯინ შაჰინის (დემოკრატი) და ჯიმ რიშის განცხადებით, "ქართველი ლიდერები ღრმად და სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, თუ რა მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი ქვეყანა. დღევანდელი მოქმედება, სხვა მოქმედებათა მსგავსად, ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობის წინსვლას".

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს კი, ბრალდება საპატიმრო დაწესებულებებში წარუდგინეს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები