სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

მარგველაშვილი: პრეზიდენტთან ნებისმიერი კონტაქტი პოლიტიკურ ელფერს იძენს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, პრეზიდენტთან ნებისმიერი კონტაქტი პოლიტიკურ ელფერს იძენს. მარგველაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა.

„მახსოვს ეს გრძელი ეპოპეა დაბარების, შემდეგ SKYPE-ის, შემდეგ რაღაც ამ თემის ფართოდ გაშლის. დღესაც ჩვენ ვიცით, რომ ყოფილ პრეზიდენტს მოწმედ იბარებენ, რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული. მე არა მგონია, რომ ეს იმ რიგის საკითხია, რომელზეც ასეთი ვნებათაღელვა ბუნებრივია. ბუნებრივია, პრეზიდენტები ყოველთვის არიან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ და ნებისმიერი კონტაქტი პრეზიდენტთან პოლიტიკურ ელფერს იძენს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ერთის მხრივ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გააცნობიერებს, რომ ის არის საქართველოს მოქალაქე და ამ ქვეყნის კანონებსა და წესებს უნდა დაემორჩილოს, ხოლო მეორეს მხრივ, სამართალდამცველი ორგანოები იქნებიან უაღრესად ფრთხილნი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარმა პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. უწყება მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჩაიბარა. ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე 28 ივლისს, ორშაბათს, 11:00-ზე უნდა გამოცხადდეს. უწყებაში მხოლოდ საქმის ნომერია მითითებული და არ არის დაკონკრეტებული, რა საქმეზე დაკითხავენ მიხეილ სააკაშვილს.

თავდაპირველად, მთავარი პროკურატურის პრესსამსახურმა ტაბულასთან საუბარში ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარების ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ეს ძალიან ძველი ინფორმაციაა. მოგვიანებით კი, აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის უცხოელი სპეციალისტები მოიწვია და განაცხადა, რომ "ეს მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის". აღნიშნულ ფაქტზე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განცხადება გაავრცელა. პარტიის შეფასებით, "როგორც ჩანს, პროკურატურის შემდეგი სამიზნე ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილია, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს მსოფლიო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად და ჩართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში". ენმ-ის განცხადებით, "პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილით შეპყრობილ მთავრობას, მაინც გადაწყვეტილი აქვს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის წამოწყება მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა, მაღალ პოლიტიკურ დონეზე, არა ერთხელ გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, არ გადაედგათ ეს მცდარი ნაბიჯი". 

აქვე შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე თვის წინაც დაიბარა. ყოფილი პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებას 28 მარტს, 13:00-ზე ათ საქმესთან დაკავშირებით უნდა დაეკითხა. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტზე ძებნა გამოცხადდებოდა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ "მე მოვლენებს გავუსწარი".

ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე საქართველოში არ ჩამოსულა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად დაკითხვა შესთავაზა SKYPE-ის მეშვეობით. მიხეილ სააკაშვილმა ამაზეც უარი თქვა. მოგვიანებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჩვენებას SKYPE-ის მეშვეობით, სასამართლოში მისცემს.

კომენტარები