სამთავრობო ცვლილებები

პრემიერი: შეიქმნა 74 ახალი საწარმო და რამდენიმე ასეული გადაიარაღდა

საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობასა და პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ 74 ახალი საწარმო შექმნა და რამდენიმე ასეული ტექნიკით აღჭურვა.

"გასულ წელს ჩვენ 417 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინეთ სოფლის მეურნეობის დარგში, რის შედეგადაც დაახლოებით 74 ახალი საწარმო შეიქმნა საქართველოში, სხვადასხვა რეგიონში. რამდენიმე ასეული გადაიარაღდა და მოხდა მათი აღჭურვა თანამედროვე ტექნიკით, რის შედეგადაც ეს საწარმოები უფრო უკეთ ფუნქციონირებენ. მინდა მივესალმო ბატონი გიგლა აგულაშვილის მიერ წამოწყებულ კამპანიას, რომ იგი პირადად დადის ამ საწარმოებში, ეძახის ჟურნალისტებს, რომ თავად ნახონ ის საწარმოები, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ჩვენი ხელშეწყობით დაფინანსდა და აღსდგა. არა მხოლოდ აღსდგა, არამედ ახალი შეიქმნა. ეს კიდევ უფრო მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ რეალურად, საქმეზე ორიენტირებული ძალა. ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებით, საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით.

რაც შეეხება პროგრამას „აწარმოე საქართველოში", მიგვაჩნია, რომ ეს არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ინიციატივა. ჩვენ დავიწყეთ ამ პროგრამაზე მუშაობა დაახლოებით 6 თვის წინ, ეკონომიკის სამინისტრომ დეტალურად დაამუშავა ყველა ის დარგი, ყველა ის საწარმო და ქარხანა, რომელიც წარმატებით მუშაობდა და ფუნქციონირებდა საქართველოში, რეგიონებისა და რაიონების მიხედვით 100 საწარმოს იდენტიფიცირება მოვახდინეთ და ვფიქრობთ, რომ დაიწყო უკვე ეს პროგრამა. რამდენიმე პროექტი უკვე დავაფინანსეთ, რამდენიმე ათეული. საუბარია იმაზე, რომ მოხდეს ამ საწარმოების სიმბოლურ ფასად, ლარად გადაცემა. ჩვენ, სახელმწიფო ვეხმარებით ინვესტორს სესხის აღებაში და სესხს ვუფარავთ 10%-ის ოდენობით. რაც გამოდის, რომ წლიური 1-3%-მდე მოუწევს მეწარმეს მხოლოდ გადახდა ბანკისთვის. ეს არის ჩვენი აზრით ძალიან დიდი პროგრამა, ადგილობრივი პროდუქციის წამახალისებელი. და მე მინდა შევახსენო უმცირესობას და სკეპტიკურად განწყობილ მასებს, რომ საქართველოში რეალური ეკონომიკა არ არსებობდა", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები