ენერგეტიკა

ენერგეტიკული დათვი: რა უდევს საფუძვლად რუსეთის ენერგოპოლიტიკას

რა როლი ითამაშა პლაგიარიზებულმა სადიპლომო ნაშრომმა რუსეთის ენერგოპოლიტიკის ფორმირებაში

,,მაღალგანვითარებული ქვეყნებისთვის რესურსების მიწოდება გადაჭრის რუსეთში არსებულ რიგ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს და გრძელვადიან ჭრილში მსოფლიოს ეკონომიკაში რუსეთის ფედერაციას განუსაზღვრავს მნიშვნელოვან ფუნქციას, რაც მას ძველ დიდებასა და გავლენას დაუბრუნებს“

ციტატა პუტინის დისერტაციიდან 1997 წელი

 

პუტინის აკადემიური ეთიკა: პლაგიარიზებული სადიპლომო ნაშრომი

ვლადიმერ პუტინმა 1997 წელს პეტერბურგის სამთო-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ეკონომიკის მეცნიერებებში საკანდიდატო ნაშრომი - ,,მინერალური და წიაღისეული რესურსების გამოყენების სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებაში“ დაიცვა.

პუტინი შესავალში სათითაოდ განიხილავს ყოველ ძირითად რესურსს და მის როლს ეკონომიკურ ზრდაში, განსაკუთრებულ ყურადღებას ის ენერგეტიკულ რესურსებს უთმობს. ენერგომატარებლებით ვაჭრობა რუსეთმა სწორედ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაააქტიურა. მის ნაშრომთან დაკავშირებით კი უკვე წლებია სერიოზული კითხვები არსებობს. ბრუკინგსის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ნაშრომის ძირითადი ნაწილი ანუ 218-დან 15 გვერდი, სადაც ზოგადად რესურსებისა და ეკონომიკური ზრიდს ურთიერთკავშირზეა საუბარი, სავარაუდოდ პლაგიარიზებულია.

90-იანი წლების დასაწყისში რუსულად ითარგმნა პიტსბურგის უნივერსიტეტის მკვლევრების ნაშრომი, რომელშიც სწორედ ენერგორესურსებისა და ეკონომიკური ზრდის ურთიერთკავშირებზე არის საუბარი. პუტინის დისერტაციის ტექსტი და მასში არსებული გრაფიკები რუსულ თარგმანს ზედმიწვენით ემთხვევა, თუმცა პუტინს წყაროებში ის მოხსენიებული არ აქვს. The Washington Post-მა პუტინის პლაგიარიზმს ვრცელი სტატია მიუძღვნა, საიდანაც ირკვევა, რომ ოთხმოცდაათიანების მანძილზე რუსულ განათლების სისტემაში ფართოდ იყო გავრცელებული ნაშრომის გადაწერისა და დიპლომის ქრთამით ყიდვის პრაქტიკა. ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ პუტინს 1991 წლიდან 1996 წლის ბოლომდე პეტერბურგის მერიაში საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარის პოსტი ეკავა და სამთო-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაუსწრებლად სწავლობდა.

პუტინის ინტუიცია: Gazprom-ი და ენერგოიმპერია მსოფლიო მასშტაბებით

,,სახელმწიფოს უშუალო მონაწილეობით და მისი მხარდაჭერით უნდა შეიქმნას მძლავრი ფინანსურ-ინდუსტრიული ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო კომპანიებს მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევს“ 

ციტატა პუტინის დისერტაციიდან 1997 წელი

რუსეთი ენერგორესურსების უდიდესი ექსპორტიორია. 2013 წელს რუსეთი ნავთობის მეორე უმსხილესი, ხოლო ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი ექსპორტიორი იყო. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA Factbook) მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, რუსეთმა ექსპორტზე 196 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. 2012 წელს კი რუსეთის შემოსავლებმა ენერგორესურსებით ვაჭრობიდან  $312-ი მილიარდი შეადგინა.

რუსეთის ენერგოპოლიტიკას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ქვეყნის როგორც შიდა, ისე გარე აქტივობებზე. Gazprom-ი მსოფლიოს უმსხვილესი გაზის მომპოვებელი და რეალიზატორი კომპანიაა, მისი სააქციო პაკეტის 50.1%-ი რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებაა, ხოლო თავად Gazprom-ი ევროპის ორ ათეულზე მეტ ენერგოკომპანიაში აქციების საკონტროლო პაკეტს ფლობს. მხოლოდ Gazprom-ს აქვს უფლება ექსპორტზე გაიტანოს ბუნებრივი აირი. 

გაზის გიგანტის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე რუსეთის მესამე პრეზიდენტის და ამჟამინდელი პრემიერმინისტრის დიმიტრი მედვედევის კანდიდატურაც მეტყველებს, რომელსაც პრეზიდენტობამდე Gazprom-ის გენერალური დირექტორის პოზიცია ეკავა. 

რუსეთმა გასული თვის მანძილზე ენერგეტიკის მხრივ გაააქტიურა საერთაშორისო აქტივობა. Forbes-ის ცნობით, გაფორმდა რუსეთ-ჩინეთის $400-მილიარდიანი ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც მომავალი 30 წლის მანძილზე განხორციელდება. რუსეთი ააშენებს მილსადენს, რომლითაც ჩინეთი წელიწადში 38 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. თუმცა ოფიციალურად უცნობია თუ რა ფასად მიაწვდის რუსეთი ბუნებრივ აირს ჩინეთს. Reuters-ის ცნობით, სავარაუდო ფასი 1000 კუბურ მეტრზე $350-ს შეადგენს, როცა ევროპა რუსეთისგან ბუნებრივ აირს საშუალოდ $380-ად იღებს. Gazprom-ის გენერალურმა დირექტორმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ ფასით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება.

Reuters-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ იაპონიასაც აქვს სურვილი რუსეთიდან კუნძულ სახალინიდან პირდაპირი მილსადენით მიიღოს ბუნებრივი აირი. ამაზე იაპონია-რუსეთის გააქტიურებული დიპლომატიური კავშირებიც მიანიშნებს. გასული 18 თვის მანძილზე იაპონიის პრემიერი 5-ჯერ შეხვდა ვლადიმირ პუტინს, რაც სხვა ნებისმიერი ქვეყნის ლიდერზე მეტია.

რუსეთს იაპონიისთვის თხევადი გაზის მიწოდება აქვს გადაწყვეტილი. კუნძულ სახალინზე Gazprom-ი მასშტაბურ პროექტს ამუშავებს, სახალინის სანაპიროსთან გაზის მომპოვებელი პლატფორმა, გაზის გამათხევადებელი სადგური და თხევადი გაზის გადამზიდი გემებისთვის მისადგომი პორტი გაკეთდა.

Reuters-ის ცნობით, სახალინის პროექტის დაჩქარება, ჩინეთთან 10-წლიანი მოლაპარაკებების დასრულება და ახალი მილსადენის პროექტი მიანიშნებს რუსეთის მიერ ბაზრების დივერსიფიკაციის მცდელობაზე.

რუსეთის ენერგოპოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ბირთვული ენერგეტიკის პროექტებს უჭირავს. სახელმწიფო ბირთვული სააგენტო Rosatom-მი ამჟამად 7 ქვეყანაში აშენებს ბირთვულ ელექტროსადგურს, მათ შორისაა: ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი. პუტინის სამხრეთამერიკული ტურის დროს მან და არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა ფერნანდეს კირხნერმა ხელი მოაწერეს ქვეყანაში ბირთვული ენერგოსადგურების მშენებლობის ხელშეკრულებას.

სამხრეთის ნაკადი, ჩრდილოეთის ნაკადი 

,,ნავთობისა და გაზის მარაგები რუსულ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს კრიტიკულ ვითარებაში კონკურენტუნარიანობას შესძენს“ 

ციტატა პუტინის დისერტაციიდან 1997 წელი

ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის კასტასტროფის შესახებ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ევროპის ბაზარზე და მასზე სანქციები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. რუსეთი კი ამ სანქციების მოსალოდნელი შედეგების მაქსიმალურ განეიტრალებას ცდილობს.

რუსეთი უკრაინის გვერდის ავლით ცდილობს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას. სამხრეთ ნაკადი Gazprom-ის ყველაზე მასშტაბური პროექტია, განსაზღვრულია უკრაინისთვის გვერდის ავლით ევროპისთვის წელიწადში 63 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდება. რუსულმა მხარემ ხელშეკრულება გააფორმა ავსტრიულ ენერგოკომპანია OMV-სთან, რომლის მიხედვით, რუსული და ავსტრიული მხარეები დააფინასებენ სამხრეთის ნაკადის პროექტს. ხელშეკრულებამდე ორი თვით ადრე ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას და გამკაცრებას გეგმავდა. ყველაზე აქტიურად სანქციების გამკაცრებას მხარს ბალტიისპირეთის ქვეყნები, ბრიტანეთი, დანია და ჰოლანდია უჭერენ.

სამხრეთ ნაკადის მონაწილე ბულგარეთმა ივნისის ბოლოს პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. 7 ივლისს ბულგარეთში ვიზიტით იმყოფებოდა სერგეი ლავროვი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი დარწმუნებულია, რომ ამ პრობლემას გადაჭრის.

Gazprom-ის მეორე უმსხილესი ენერგოპროექტი ჩრდილოეთის ნაკადია, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია და ის მსოფლიოს უგრძესი ზღვის ქვეშ განთავსებული მილსადენი იქნება. მილსადენი ბალტიის ზღვის ქვეშ 1200 კილომეტრის სიგრძის იქნება და წლიურად ევროპას 55 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის.

რუსეთს ევროპაში შუააზიური რესურსებიც გააქვს, საიდანაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქმენული გაზის წილი. 2003 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმდა 25-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, Gazprom-ი თავისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს გაზის ევროპაში გატანას, თუმცა გარიგება რუსეთისთვის უფრო მოგებიანი იყო და 2010 წელს თურქმენული მხარის მოთხოვნით ფასში ცვლილება მოხდა, გარიგების ტარიფები უცნობია.

თურქმენეთი ყოველწლიურად რუსეთს დაახლოებით 50 მილიარდ მეტრ კუბ გაზს აწვდის, აქვეა მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი გაზის საბადო, რომლის მოცულობაც 21 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. მას თურქმენეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია Turkmengaz-ი ამუშავებს.

ამჟამად, თურქმენეთი ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მას რუსეთის გვერდის ავლით მისცემს პროდუქციის გატანის შესაძლებლობას. 2009 წელს ამუშავდა მილსადენი თურქმენეთიდან ჩინეთის მიმართულებით, რომელიც 55 მილარდ მეტრ კუბ გაზს აწვდის მას. ნაბუკოს მილსადენის სავარაუდო პროექტში თურქმენეთიდან აზერბაიჯანამდე ტრანსკასპიური მილსადენის გაყვანა განიხილებოდა, რაც თურქმენულ გაზს ევროპაში გასვლის შესაძლებლობას მისცემდა.

ენერგეტიკული დათვი - რუსეთის კიბერმილიტარისტული პოლიტიკა 

,,სამხედრო ინდუსტრიაში არსებული წამყვანი ტექნოლოგიები და გამოცდილება სახელმწიფომ ინდუსტრიულ სექტორში არსებულ სტრატეგიულ ორგანიზაციებს უნდა გაუნაწილოს, რათა მათ უცხოურ კონკურენციას გაუძლონ“ 

ციტატა პუტინის დისერტაციიდან 1997 წელი

2014 წელს განსაკუთრებით გახშირდა რუსული კიბერშეტევები. რომელთა სამიზნესაც ევროპისა და ამერიკის უმსხვილესი ენერგოკომპანიები წარმოადგენენ. ოპერაციის კოდური სახელია "ენერგეტიკული დათვი.“ CNN-ის ცნობით, ჰაკერებმა ვირუსული პროგრამით შეაღწიეს სახელმწიფოების კუთვნილ ენერგოგამანაწილებელ სისტემებში. სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელ კომპანია Crowdstrike-ში ფიქრობენ, რომ შეტევები რუსული ენერგოკომპანიების Gazprom-ისა და Rosneft-ის ორგანიზებულია სამხედრო ჰაკერულ სადაზვერვო სამსახურთან ერთად.

რუსეთი ელექტროენერგიის ექსპორტსაც ახორციელებს, მას წლიურად დაახლოებით 17 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია ექსპორტზე გააქვს, რითიც მსოფლიოში მეათე ადგილზეა. რუსეთის უმსხვილესი ელექტროენერგიის მწარმოებელი და რეალიზატორია Inter Raoues-ი. კომპანია 10 ქვეყანაში ფლობს ელექტროსადგურებსა და გამანაწილებელ კომპანიებს, მათ შორის საქართველოშია ელექტროგამანაწილებელი კომპანია თელასი, ელექტროსადგურები: ხრამჰესი 1, ხრამჰესი 2 და მტკვარი ენერგეტიკა (ყოფილი მეცხრე და მეათე ენერგობლოკები) სულ ფირმა საქართველოს მთლიანი მოხმარების დაახლოებით 9%-ს აწარმოებს.

პლაგიარიზებული ენერგოპოლიტიკა

მიუხედავად იმისა, პუტინის ნაშრომი გადაწერილია თუ არა, მის შესავალში გაკეთებული დაკვირვებები და აღმოჩენები რუსეთის დღევანდელ ენერგოპოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგომატარებლების ექსპორტზე. სწორედ ამგვარი რესურსების წყაროდ ჩამოყალიბებას ცდილობს რუსეთი ახლა უკვე აზიის ბაზრისთვის, რის შედეგადაც იგი ორი კონტინენტისთვის რესურსების მნიშვნელოვანი წყარო და გავლენიანი ეკონომიკური და პოლიტიკური მოკავშირე გახდება.

კომენტარები